ომის შესწავლის ამერიკული ინსტიტუტის (ISW) ახალი ანგარიშის თანახმად, ორი უკრაინული საზღვაო ბრიგადის ქვედანაყოფებმა, 17-18 ოქტომბერს სავარაუდოდ, გადაკვეთეს მდინარე დნეპერი და დაეშვნენ მდინარის მარცხენა სანაპიროზე ხერსონის რეგიონში.
ISW-ის გეოლოკაციური კადრები, რომლებიც 18 ოქტომბერს გამოქვეყნდა, აჩვენებს, რომ უკრაინული ჯარები მიიწევენ პეშჩანივკას ჩრდილოეთით (ხერსონიდან 14 კმ–ში აღმოსავლეთით და 3 კმ–ში მდინარე დნეპრიდან) და პოიმასკენ (ხერსონიდან აღმოსავლეთით 11 კმ და მდინარე დნეპრიდან 4 კმ-ში).
ინსტიტუტის ექსპერტები მიუთითებენ რუსული მედიის ცნობებზე, რომ ორი უკრაინული „თავდასხმის ჯგუფი“ დაეშვა დნეპრის აღმოსავლეთ სანაპიროზე და გაარღვია რუსული ჯარების თავდაცვა, დროებით მთლიანად დაიკავეს პოიმა და პოზიციები პეშჩანივკას ჩრდილოეთ გარეუბანში. ცნობილია, რომ 18 ოქტომბრის მდგომარეობით, „ოკუპანტები პეშჩანივკას მხოლოდ სამხრეთ ნაწილს აკონტროლებენ“.
„რუსეთის ფედერაციის სამხედრო ხელმძღვანელობის შეშფოთება ჯარების უუნარობის შესახებ, მოიგერიონ პოტენციური უკრაინული შეტევითი ოპერაცია დნეპრის გასწვრივ, შესაძლოა ნაწილობრივ დაკავშირებული იყოს მარცხენა სანაპიროზე რუსული ჯარების დაჯგუფების მდგომარეობასთან. ბოლო თვეების განმავლობაში, რუსეთის სარდლობამ მიიზიდა შედარებით დიდი რაოდენობის ელიტური ქვედანაყოფები ხერსონის მიმართულებით თავდაცვითი ოპერაციების მხარდასაჭერად ზაპოროჟიეს რეგიონში“, - აღნიშნა ISW–მა.
რუსეთის ჯარები თითქმის ყოველდღიურად ბომბავენ ხერსონის დეოკუპირებულ ნაწილს. მტკიცებულებების არსებობის მიუხედავად, რუსეთი მოსკოვი სრულმასშტაბიანი შეჭრის დაწყებიდან უარყოფს მშვიდობიანი მოსახლეობის მიზანში ამოღებას.
გაერომ 8 ოქტომბრის მდგომარეობით დაადასტურა უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის შედეგად 9806 ადამიანის სიკვდილი და 17962 მშვიდობიანი მოქალაქის დაშავება. ამასთან, ორგანიზაცია ხაზს უსვამს, რომ მსხვერპლის რეალური რაოდენობა გაცილებით მეტია.