რუსეთს ბახმუტთან უკრაინის კონტრშეტევის გამო უკრაინის სხვა რეგიონებიდან ძალები გაჰყავს. ამის შესახებ ნათქვამია ომის შემსწავლელი ინსტიტუტის (ISW) ახალ ანგარიშში.
აღნიშნულია, რომ უკრაინის აღმოსავლეთ სარდლობის ოფიციალური წარმომადგენელი სერჰი ჩერევატი 1-ელ ივლისს იუწყებოდა, რომ რუსეთის არმიამ ცოტა ხნის წინ ლიმანიდან ბახმუტის მიმართულებით საჰაერო-სადესანტო ჯარების დაუდგენელი დანაყოფი გადაისროლა.
"ჩერევატის ინფორმაციით, რუსეთის არმიამ ლიმანის მიმართულებით საჰაერო-სადესანტო პოლკი ჩაანაცვლა ტერიტორიული თავდაცვის დაუდგენელი ძალებით, რაც იმაზე მიანიშნებს, რომ რუსულ ძალებს შეუძლიათ ბახმუტის რაიონში მეტი ელიტური შენაერთების გადაყვანა და ელიტური ქვედანაყოფების სუსტი ფორმირებებით ჩანაცვლება", - ნათქვამია ანგარიშში.
ამასთან, მანამდე უკრაინის თავდაცვის მინისტრის მოადგილემ ჰანა მალიარმა განაცხადა, რომ რუსეთის ძალებმა შედარებით ბრძოლისუნარიანი შენაერთები ხერსონიდან ბახმუტისა და ზაპოროჟიეს მიმართულებებით გადაისროლა.
ჩერავატის განცხადებით, რუსულმა ძალებმა შესაძლოა, ელიტური ძალების კონცენტრირება მოახდინოს ბახმუტის რაიონში, რათა შეინარჩუნოს სავარაუდო საინფორმაციო გამარჯვება, რომელიც გამოწვეული იყო 21 მაისს ბახმუტის აღების შედეგად.
„თუ ბახმუტში ძალების გაძლიერებისთვის უკვე გაგზავნილი დანაყოფები არ იქნება საკმარისი იმისათვის, რომ რუსეთმა შეინარჩუნოს მიღწევები რეგიონში, რუსეთის სარდლობა შესაძლოა, რთული არჩევანის წინაშე აღმოჩნდეს: შეიქმნას სერიოზულად დაუცველი ადგილები ხერსონის ან ლუჰანსკის რეგიონებში, ან დაიწყოს ჯარების გაყვანა სამხრეთ უკრაინიდან“, - ამბობენ ISW-ში.