იერუსალიმის საოლქო სასამართლომ არ დააკმაყოფილა პრემიერმინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუს მოთხოვნა, მის სისხლის სამართლის სასამართლო პროცესში მისი ჩვენების დაწყების 10 კვირით გადადების თაობაზე. სასამართლოს თქმით, ნეთანიაჰუს მოსამზადებლად ხუთი თვე ჰქონდა.
ნეთანიაჰუს დაცვის მხარემ მანამდე განაცხადა, რომ მრავალფრონტიანი ომის მართვის წნეხის გამო, პრემიერმინისტრი ჩვენების მისაცემად არ იყო მომზადებული.
სასამართლოს თქმით, ივლისში მათ ნეთანიაჰუს გრძელვადიანი პერიოდი მისცეს ჩვენების მოსამზადებლად, როდესაც თარიღი 2 დეკემბერს ჩანიშნეს.
"ჩვენ არ ვართ დარწმუნებულები, რომ ვითარების მხრივ მნიშვნელოვანი ცვლილებები მოხდა, რაც ჩვენი გადაწყვეტილებით დანიშნული თარიღის შეცვლას გაამართლებდა". - განაცხადა სასამართლომ.
ამ გადაწყვეტილებით, ნეთანიაჰუ სასამართლოს წინაშე რამდენიმე კვირაში წარდგება.
ცნობისთვის, ისრაელის გენერალურმა პროკურორმა 2019 წლის 21 ნოემბერს ნეთანიაჰუს სამ ერთმანეთისგან დამოუკიდებელ საქმეზე ოფიციალურად წარუდგინა ბრალი. საქმეები ქრთამის აღებას, თაღლითობასა და ძალაუფლების ბოროტად გამოყენებას ეხება. ნეთანიაჰუ ბრალდებებს უარყოფს.