პოპულარული ირანელი მომღერალი და რეპერი ამირ ჰოსეინ მაღსუდლუ, რომელსაც მსმენელები Amir Tataloo-ის სახელით იცნობენ, სამშობლოში "მკრეხელობის" ბრალდებით გაასამართლეს და სიკვდილი მიუსაჯეს.

ადგილობრივი მედიის ცნობით, ირანის უზენაესმა სასამართლომ პროკურორის პროტესტი დააკმაყოფილა და მუჰამედის შეურაცხყოფაში დამნაშავედ ცნობილ რეპერს წინათ მისჯილი ხუთწლიანი პატიმრობა სასჯელის უმაღლესი ზომით შეუცვალა. თუმცა, ამავე ცნობებით, განაჩენი საბოლოო არაა და მისი გასაჩივრება კვლავ შესაძლებელია.

37 წლის Amir Tataloo, რომელიც ირანული ანდერგრაუნდ ჰიპ-ჰოპის ერთ-ერთი მოწინავე წარმომადგენელია, სამშობლოში ცხოვრებისას რამდენჯერმე იყო დაპატიმრებული. 2018 წელს მუსიკოსმა ქვეყანა დატოვა და თავისი წარმატებული კარიერა თურქეთში განაგრძო, სადაც რეპერი მოგვიანებით თურქულმა პოლიციამ დააკავა და ირანში დააბრუნა. ირანში მუსიკოსის წინააღმდეგ რამდენიმე საქმე იყო აღძრული, მათ შორის, "პროსტიტუციის პოპულარიზების", "უხამსი შინაარსის მქონე მასალის" გამოქვეყნებისა და ისლამური რესპუბლიკის საწინააღმდეგო "პროპაგანდის" ბრალდებებით.

პრობლემური რეპუტაციის მიუხედავად, Tataloo ერთხანს ირანელ კონსერვატორ პოლიტიკოსებთან იყო დაკავშირებული და 2017 წელს ყოფილ პრეზიდენტ იბრაჰიმ რაისისთან ერთად ტელეგადაცემაშიც მიიღო მონაწილეობა. მეტიც, 2015 წელს გამოსული სიმღერით რეპერმა ირანის ბირთვულ პროგრამას დაუჭირა მხარი.