ილონ მასკმა ახალ ინტერვიუში განაცხადა, რომ ხელოვნურმა ინტელექტმა შეიძლება გამოიწვიოს "ცივილიზაციის განადგურება", მიუხედავად იმისა, რომ ის კვლავ აქტიურად არის ჩართული ხელოვნური ინტელექტის განვითარებაში. ამის შესახებ CNN წერს.
"ხელოვნური ინტელექტი უფრო საშიშია, ვიდრე, ვთქვათ, თვითმფრინავის დიზაინის არასწორი მენეჯმენტი, ან მანქანის ცუდი წარმოება, იმ გაგებით, რომ მას აქვს პოტენციალი - ცივილიზაციის განადგურების პოტენციალი", - თქვა მასკმა ტაკერ კარლსონთან ინტერვიუში.
ცოტა ხნის წინ, მასკმა არაერთხელ განაცხადა ხელოვნური ინტელექტის საშიშროების შესახებ AI პროდუქტების გავრცელების ფონზე ზოგადი მომხმარებლისთვის, მათ შორის ისეთი ტექნიკური გიგანტების პროდუქციისა, როგორიცაა Google და Microsoft.
ორშაბათს საღამოს მასკმა თქვა, რომ იგი მხარს უჭერს AI-ის სამთავრობო რეგულირებას, მიუხედავად იმისა, რომ "რეგულაცია არ არის საინტერესო". მასკის თქმით, როდესაც AI-ს გაკონტროლება იქნება შესაძლებელი, შესაძლოა, უკვე გვიანი იყოს.
"მარეგულირებელმა უნდა დაიწყოს ჯგუფით, რომელიც ჯერ ეძებს ინფორმაციას ხელოვნური ინტელექტის შესახებ, შემდეგ ეძებს ინდუსტრიის წვლილს და შემდეგ შესთავაზებს წესების შემუშავებას", - თქვა მასკმა.
ფაქტობრივად, მასკი უკვე წლებია, რაც ხელოვნური ინტელექტის საფრთხის შესახებ საუბრობს, მაგრამ ის ასევე იყო უფრო დიდი AI შეიარაღების რბოლის ნაწილი და ამ მხრივ ინვესტიციებს ახორციელებდა.
მაგალითად, Tesla იმდენად არის დამოკიდებული ხელოვნურ ინტელექტზე, რომ ყოველწლიურად ატარებს ხელოვნური ინტელექტის დღეს თავისი მუშაობის პოპულარიზაციისთვის. მასკი იყო OpenAI-ის ერთ-ერთი დამფუძნებელი. ეს არის კომპანია, რომელიც დგას ისეთი პროდუქტების უკან, როგორიცაა ChatGPT.
მასკმა განუცხადა კარლსონს, რომ მან "დიდი ძალისხმევა" ჩადო OpenAI-ის შესაქმნელად Google-ის საპირწონედ, მაგრამ შემდეგ სხვა რაღაცაზე "გადაერთო".
მასკმა თქვა, რომ მას სურს კონკურენცია გაუწიოს AI-ის შეთავაზებებს ტექნიკური გიგანტების Microsoft-ისა და Google-ისგან. კარლსონთან ინტერვიუში მასკმა განაცხადა: "ჩვენ დავიწყებთ იმას, რასაც მე ვუწოდებ TruthGPT". მასკმა ის აღწერა, როგორც "სიმართლის მაძიებელი AI", რომელიც "ზრუნავს სამყაროს გაგებაზე".
"იმედი მაქვს, რომ სარგებელი გადააჭარბებს ზიანს," - თქვა მასკმა.