ანტიტერორისტული ღონისძიებების შედეგად აზერბაიჯანმა აღადგინა სუვერენიტეტი, – ამის შესახებ აზერბაიჯანის პრეზიდენტმა, ილჰამ ალიევმა განაცხადა.
„რთული რელიეფის პირობებში, მტრის მიერ მრავალი წლის განმავლობაში აშენებული სიმაგრეების არსებობის პირობებში, ჩვენმა სამხედროებმა გამოიჩინეს გმირობა, პროფესიონალიზმი და მოკლე დროში მიაღწიეს მნიშვნელოვან სამხედრო წარმატებებს ყველა მიმართულებით. მთლიანად განადგურდა არმიის მნიშვნელოვანი ნაწილი, რომელიც სომხეთის სახელმწიფოს მიერ უკანონოდ იყო განლაგებული აზერბაიჯანის ტერიტორიებზე. განადგურდა და მწყობრიდან გამოვიდა სამხედრო ტექნიკა“ – განაცხადა ალიევმა.
აზერბაიჯანის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ ყარაბაღის მეორე ომის შემდეგ, ლაჩინის სასაზღვრო გამშვები პუნქტის შექმნამდე, სომხეთიდან აზერბაიჯანის ყარაბაღის რეგიონში უკანონოდ შემოიტანეს ნაღმები, რომელიც სხვადასხვა ადგილას დაამონტაჟეს.
ამასთან, ალიევმა განაცხადა, რომ ოპერაციის დაწყებამდე ყველა სამხედროს მისცა მითითება, რომ მშვიდობიანი მოსახლეობა დაცული ყოფილიყო.
„ჩვენ ამას მივაღწიეთ ზუსტი იარაღის გამოყენებით, ამავდროულად, ჩვენი შეიარაღებული ძალების პროფესიონალიზმის წყალობით, მშვიდობიანი მოსახლეობა სრულიად დაცულად გრძნობდა თავს. ამასთან ერთად, მიიღეს ინსტრუქციები, არ განეხორციელებინათ თავდასხმა სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე”,- აღნიშნა ალიევმა.