საფრანგეთის პოლიციის მიერ 17 წლის ალჟირელის მკვლელობა საფრანგეთში რასიზმისა და ისლამოფობიის კიდევ ერთი ნიშანია, – ამის შესახებ აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა განაცხადა.
მისი თქმით, ბაქო უერთდება გაეროს განცხადებას, რომელიც გმობს პოლიციის მხრიდან სროლას და მოუწოდებს საფრანგეთს, „სერიოზულად გადახედოს რასიზმისა და დისკრიმინაციის ღრმა პრობლემებს სამართალდამცავ ორგანოებში“.
ალიევის განცხადებით, "საფრანგეთმა ბოდიში უნდა მოიხადოს თავისი კოლონიური წარსულისა და გენოციდის აქტების გამო".
„ბოდიშის მოხდა მილიონობით ადამიანისთვის, რომლებიც ემანუელ მაკრონის წინამორბედებმა კოლონიზაციის პირობებში ამყოფეს, გამოიყენეს მონებად, მოკლეს, აწამეს და დაამცირეს, არ იქნება მხოლოდ საფრანგეთის ისტორიული დანაშაულის აღიარება. ეს დაეხმარება მას ღრმა პოლიტიკური, სოციალური და ჰუმანიტარული კრიზისის შედეგების დაძლევაში, რომელშიც ალჟირელი მოზარდის სასტიკი მკვლელობის შემდეგ აღმოჩნდა. საფრანგეთის მმართველობის დროს გენოციდით დაიღუპა თითქმის 1,5 მილიონი ალჟირელი. ალჟირელი თავისუფლებისთვის მებრძოლთა თავის ქალები დღემდე ინახება პარიზის მუზეუმში, როგორც ომის ალაფი. ეს არის ცინიკური და ამაზრზენი.
ერთ-ერთი ქვეყანა, რომელიც ჯერ კიდევ აგრძელებს ნეოკოლონიალიზმის პოლიტიკას, არის საფრანგეთი. საფრანგეთის მიერ მართული ტერიტორიები ევროპის გარეთ არის საფრანგეთის კოლონიური იმპერიის ამაზრზენი ნარჩენები. საფრანგეთი კრძალავს კორსიკულ ენას და არ იღებს ეთნიკური უმცირესობების კონცეფციას, ამავდროულად ცდილობს, წარმოაჩინოს თავი აზერბაიჯანში სომხური უმცირესობის დამცველად. ეს სხვა არაფერია, თუ არა ფარისევლობა და ორმაგი სტანდარტები“, –განაცხადა ილჰამ ალიევმა.