ამის შესახებ ინფორმაციას პორტალი mainichi აქვეყნებს.
დღეს, 4 თებერვალს, იაპონიის პრემიერ-მინისტრმა ფუმიო კიშიდამ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ თავის აღმასრულებელ მდივანს სექსუალური უმცირესობების მიმართ დისკრიმინაციული გამონათქვამების გამო სამსახურიდან გაათავისუფლებს თავის აღმასრულებელ მდივანს.
მასაიოში არაიმ, რომელიც არის პრემიერ მინისტრის აღმასრულებელი მდივანი, გუშინ, პრემიერის ოფისში, ჟურნალისტებთან „არაოფიციალურ" ინტერვიუს დროს კომენტარი გააკეთა ერთნაირსქესიანთა ქორწინების იურიდიულ აღიარებისადმი პრემიერ-მინისტრის ფრთხილ პოზიციასთან დაკავშირებით. კერძოდ კი საბიუჯეტო კომიტეტის 1 თებერვლის სხდომაზე კიშიდას მიერ ერთნაირსქესიანთა ქორწინების შესახებ ნათქვამზე: „ეს არის საკითხი, რომელიც შეცვლის საზოგადოებას“
პრემიერ-მინისტრის კომენტარის საპასუხოდ მასაიოში არაიმ განაცხადა, რომ „ზემოქმედება საზოგადოებაზე დიდია. <და ეს ზემოქმედება> ნეგატიურია. პრემიერ-მინისტრის ოფისი გაერთიანებულია ამის წინააღმდეგ", - თქვა არაიმ და დასძინა: „მე პატივს ვცემ ადამიანის უფლებებს და ღირებულებებს, მაგრამ თუ ერთნაირსქესიანთა ქორწინება დამტკიცდება, იქნებიან ადამიანები, რომლებიც დატოვებენ ქვეყანას".
მასაიოში არაის თქმით, ის ლგბტ წყვილის „მეზობლად ცხოვრებას არ ისურვებდა" და მას „მათი დანახვაც კი არ უნდა".
მასაიოში არაიმ გუშინ საღამოსვე, პრემიერ-მინისტრის ოფისში, ინტერვიუ მისცა რეპორტიორებს და განაცხადა: „ძალიან ვწუხვარ იმ რამდენიმე შეცდომაში შემყვანი გამოთქმისთვის, რომელიც ადრე გავაკეთე".
მისი განმარტებით: „ეს იყო ჩემი პირადი აზრი და საერთოდ არა საჯარო უწყებაში გავრცელებული აზრი, მაგრამ არასასურველია ასეთი რამის თქმა, თუნდაც ეს პირადი აზრი იყოს“. კითხვაზე, თუ რა გავლენას მოახდენს მისი ნათქვამი ადმინისტრაციაზე, მან განაცხადა: „ცოტა ვწუხვარ პრემიერის გამო. ჩემი პირადი აზრის გამოთქმამ პრობლემები გამოიწვია. თავად პრემიერი მსგავს რამეებს არ ამბობს და არც ფიქრობს“. სამომავლო პასუხთან დაკავშირებით კი განაცხადა: „ყოველ განცხადებაში ყურადღებიანი და ფრთხილი ვიქნები“.
მიუხედავად იმისა, რომ კომენტარები გაკეთდა "არაოფიციალურ" ინტერვიუში, კიშიდამ მეორე დილით ჟურნალისტებს განუცხადა, რომ აპირებდა არაის თანამდებობიდან გადაყენებას.
კიშიდას თქმით, ადმინისტრაციის მიზანია შექმნას მდგრადი, ინკლუზიური საზოგადოება, რომელიც აღიარებს მრავალფეროვნებას“ და არმასრულებელი მდივნის „კომენტარები სრულიად შეუსაბამოა ამ ადმინისტრაციის პოლიტიკასთან და აღმაშფოთებელია. ჩვენ სხვა გზა არ გვაქვს, გარდა მკაცრი ზომების მიღებისა“.
japantimes-ის თანახმად, იაპონია ერთადერთია დიდი შვიდეული ქვეყნებიდამ რომელიც არ ცნობს ერთნაირსქესიანთა ქორწინებას. 2021 წლის მარტში საპოროს რაიონულმა სასამართლომ დაადგინა, რომ ერთსქესიანთა ქორწინების აკრძალვა არაკონსტიტუციური იყო, მაგრამ 2022 წლის ივნისში ოსაკას რაიონულმა სასამართლომ ის კონსტიტუციურად მიიჩნია.