"ჰამასის" ტერორისტების მიერ გათავისუფლებულ მძევლებს შორისაა 9 წლის გოგო, რომელიც მამას მოკლული ეგონა.
როგორც ტომას ჰანდი CNN-ს უყვება, თავიდან აცნობეს, რომ მისი შვილი დაიღუპა, მაგრამ რამდენიმე კვირის შემდეგ, ისრაელმა ეს ინფორმაცია შეცვალა და თქვა, რომ 9 წლის ემილის ცხედარი აღმოჩენილი არ იყო.
"ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ემილის კიდევ შეგვიძლია ჩავეხუტოთ, თუმცა ამავე დროს, გვახსოვს ყველა მძევალი, რომელიც ჯერ არ დაბრუნებულა. ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, რათა ისინი ოჯახებს დაუბრუნდნენ", - განაცხადა მან.
7 ნოემბერს ტომას ჰანდი CNN-თან ინტერვიუში ამბობდა, რომ როცა შვილის დაღუპვის შესახებ ინფორმაცია აცნობეს, შვება იგრძნო, რადგან ყველა სხვა შესაძლო სცენარი, სიკვდილზე უარესი იქნებოდა.
"ეს იყო საუკეთესო სიახლე იმ შესაძლებლობებს შორის, რაც ვიცი. ეს იყო საუკეთესო, რასაც ვიმედოვნებდი. ის ან დაღუპული იქნებოდა ან ღაზაში და თუ იცით, რას უშვრებიან ხალხს ღაზაში, სიკვდილზე უარესია", - ამბობდა ის.
24 ნოემბერს ღაზაში მძევლების გათავისუფლების პირველი რაუნდი შედგა. ჰამასმა 24 მძევალი გაათავისუფლა, მათ შორის 13 ისრაელის, 10 ტაილანდის, 1 კი ფილიპინების მოქალაქეა.
მეორე ეტაპი კი გუშინ განხორციელდა - ისრაელის თავდაცვის ძალების ცნობით, ჰამასმა გუშინ 13 ისრაელელი და 4 ტაილანდელი მძევალი გაათავისუფლა. თავდაცვის ძალების ინფორმაციით, წითელი ჯვრის წარმომადგენლებმა მძევლები ჯერ ეგვიპტეში გადაიყვანეს, შემდეგ კი ისრაელში დაბრუნდნენ.