ამის შესახებ გერმანული გამოცემა tagesschau იუწყება.

რუსეთის საიდუმლო სამსახურებთან კავშირში ყოფნასა და გერმანიაში დივერსიული აქტების დაგეგმვაში ეჭვმიტანილი ორი პირის დაკავებიდან რამდენიმე დღის შემდეგ გერმანიის გენერალური პროკურატურის პრესსამსახური დიუსელდორფისა და ბად ჰომბურგის ფედერალური კრიმინალური პოლიციის ოფისის თანამშრომლების მიერ ჩინეთის სასარგებლოდ ჯაშუშობაში ეჭვმიტანილი გერმანიის სამი მოქალაქის დაკავების შესახებ ავრცელებს ცნობას.

გენერალურმა პროკურორმა იენს რომელმა ბრალი წაუყენა ორ მამაკაცსა და ქალს სისხლის სამართლის დანაშაულებში, რომლებიც დაკავშირებულია ჩინეთის „საიდუმლო სამსახურის ჯაშუშურ საქმიანობასთან". გავრცელებული ინფორმაციით, მათ დააარსეს ფიქციური კომპანია და აპირებდნენ სამეცნიერო თანამშრომლობის დამყარებას გერმანიის უნივერსიტეტებთან, რათა მიეღოთ მნიშვნელოვანი სამხედრო ინფორმაცია და გადაეგზავნათ ჩინეთში.

მთავარი ეჭვმიტანილი, თომას რ., ამ საქმიანობას დიუსელდორფელ წყვილთან ერთად ახორციელებდა. საგამოძიებო წრეების ცნობით, მათ ზურგს უკან ჩინეთის სახელმწიფო უსაფრთხოების სამინისტროს აგენტი იყო. სამივემ იცოდა, რომ მუშაობდნენ ჩინეთის სასარგებლოდ, მათმა პარტნიორებმა გერმანიის უნივერსიტეტებში კი, სავარაუდოდ, არაფერი იცოდნენ.

საგამოძიებო წრეების ინფორმაციით, აღმოსავლეთ გერმანიის ტექნიკურ უნივერსიტეტთან თანამშრომლობა უკვე მიმდინარეობს და შემდგომი პროექტები მზადდება. ასევე ვრცელდება ინფორმაცია, რომ ჩინეთმა უკვე მიიღო საიდუმლო ინფორმაცია, მათ შორის სამხედრო გემებისთვის მნიშვნელოვანი მაღალი პროდუქტიულობის ძრავის შესახებ. გარდა ამისა, ვრცელდება ინფორმაცია, რომ მოხდა საგარეო ვაჭრობის კანონქვემდებარე ე.წ. „ორმაგი დანიშნულების“ საქონლის მიწოდება.

ჩინეთის მიერ ეკონომიკური უპირატესობის მოპოვების მიზნით განხორციელებული ჯაშუშობა გერმანიის ეკონომიკისა და უნივერსიტეტებისთვის ერთ-ერთ უდიდეს საფრთხედ ითვლება. ამ კონკრეტულ შემთხვევაში საინტერესო ისაა, რომ ჯაშუშობის მიზნით გერმანიის მოქალაქეების მიერ დაფუძნდა ფიქციური კომპანია, - წერს tagesschau.