ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრმა გაბრიელიუს ლანდსბერგისმა განაცხადა, რომ უკრაინას უნდა შეეძლოს მისთვის მიწოდებული იარაღი თავისუფლად გამოიყენოს. ამის შესახებ ლიეტუველმა მინისტრმა Reuters-თან ინტერვიუში განაცხადა.
ლანდსბერგისმა იმედი გამოთქვა, რომ კიევს უფლებას მისცემენ რუსეთის ტერიტორია დაბომბოს იმ შეიარაღებით, რომელსაც აშშ უკრაინას გადასცემს.
"მე წავიკითხე პრეზიდენტ ბაიდენის განცხადება და ვხედავ, რომ ახალი ტიპის რაკეტების გადაცემა იგეგმება, რომლებსაც აქვთ უფრო დიდი ფრენის დიაპაზონი. იმედი მაქვს, რომ მათ მიეცემათ უფლება გამოიყენონ ეს რაკეტები და უფრო შორს ისროლონ," - აღნიშნა ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრმა.
მისი თქმით, ეს შეიარაღება არ იქნება ეფექტური, თუ კიევს არ მიეცემა უფლება მისი შესაძლებლობები სრულად გამოიყენოს.
"სტრატეგიული მიზანი, რომელიც უკრაინას მაქსიმალურად ძლიერ მდგომარეობაში ჩააყენებს, მოითხოვს მას იარაღის თავისუფლად გამოყენების უფლება ჰქონდეს," - თქვა ლანდსბერგისმა.
ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა დევიდ ლემიმ ადრე განაცხადა, რომ შორ დისტანციაზე მოქმედი იარაღის რუსეთში სამხედრო სამიზნეების წინააღმდეგ გამოყენებაზე შეზღუდვების მოხსნის გადაწყვეტილება შესაძლოა ზამთრის დაწყებამდე მიიღონ.
The Times-ის ცნობით, აშშ და დიდი ბრიტანეთი, სავარაუდოდ, ემზადებიან, რომ უკრაინას მისცენ ნებართვა, გამოიყენოს Storm Shadow-ს რაკეტები რუსეთის ტერიტორიაზე დარტყმისთვის, მაგრამ ეს საჯაროდ არ გამოცხადდება, რათა რუსეთისთვის მოულოდნელობის ელემენტი არსებობდეს.