შეერთებულმა შტატებმა მოუწოდა უკრაინას, შეწყვიტოს თავდასხმები რუსულ ნავთობგადასამუშავებელ ქარხნებზე, რადგან ამან შეიძლება გაზარდოს ნავთობის მსოფლიო ფასები და გამოიწვიოს რუსეთის ფედერაციის შურისძიება, წერს Financial Times 22 მარტს სამ წყაროზე დაყრდნობით.
შეტყობინების თანახმად, ვაშინგტონის გაფრთხილებები გადაეცათ უკრაინის უსაფრთხოების სამსახურისა და თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს წარმომადგენლებს.
FT–ის ცნობით, თეთრი სახლი შეშფოთებულია, რომ ასეთმა დარტყმებმა შეიძლება გამოიწვიოს საპასუხო თავდასხმები ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე, რომელთაც დასავლეთი ეყრდნობა.
გარდა ამისა, წელს ნავთობის ფასი გაიზარდა დაახლოებით 15 პროცენტით – ბარელზე 85 დოლარამდე, რაც ზრდის საწვავის ხარჯებს აშშ-ში საარჩევნო კამპანიის ფონზე, – ნათქვამია მასალაში.
აშშ-ის ხელისუფლებას ოფიციალურად არაფერი უთქვამს მსგავს გაფრთხილებაზე, მანამდე კი მათ არაერთხელ აღნიშნეს, რომ უკრაინული ძალები თავად ირჩევენ სამიზნეებს. არც უკრაინაში გაუკეთებიათ ჯერ კომენტარი FT-ის ინფორმაციაზე.
ბოლო დროს, რუსეთში ნავთობგადასამუშავებელ ქარხნებს რეგულარულად ესხმიან თავს დრონებით. დიდი ბრიტანეთის დაზვერვამ განაცხადა, რომ რუსეთის ნავთობის გადამუშავების სიმძლავრე შემცირდა რუსეთის ნავთობგადასამუშავებელ ქარხნებზე უკრაინული დრონებით მრავალჯერადი თავდასხმის გამო.