სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის საზღვრის დელიმიტაცია–დემარკაციის დაწყების შესახებ განაცხადა. ამის შესახებ ფაშინიანმა ტავუშის რეგიონის საზღვრისპირა სოფლების მცხოვრებლებთან შეხვედრისას ისაუბრა.

„რას ნიშნავს დემარკაცია ზოგადად და კონკრეტულად სომხეთის რესპუბლიკის შემთხვევაში? ეს ნიშნავს წასვლას და იმ ადგილის პოვნას, საიდანაც იწყება სომხეთის რესპუბლიკა. ჩვენ ყველამ ვიცით, თქვენ ჩემზე უკეთ იცით, სად იწყება და სად მთავრდება“, - თქვა ფაშინიანმა უჩვენა მაკეტი სომხეთის კონტურებით.

მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ სომხეთის ხელისუფლებამ გადაწყვიტა, დაიწყოს სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის საზღვრის დელიმიტაციის პროცესი, რათა თავიდან აიცილოს ომი. ფაშინიანის თქმით, ეს პროცესი პრაქტიკულ ეტაპზე გადადის. პრემიერ-მინისტრმა განმარტა, რომ სპეციალური კომისიები "უნდა წავიდნენ და გადაწყვიტონ, სად იწყება სომხეთის რესპუბლიკა და ეს უნდა გახდეს სახელმწიფო საზღვარი".

როგორც შეხვედრის მონაწილეებმა რადიო „აზატუტიუნს“ განუცხადეს, ნიკოლ ფაშინიანმა არ გასცა მკაფიო პასუხი საზღვრისპირა სოფლების შეშფოთებული მცხოვრებლების კითხვებს, მაგრამ პირობა დადო, რომ ყველა შეშფოთება იქნება გათვალისწინებული.