საქართველოს მიერ ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მიღება სამხრეთ კავკასიის რეგიონში რეალობას ცვლის, - განაცხადა სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა ქვეყნის პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას და იქვე დასძინა, რომ "ჩვენს რეგიონში ევროპა ჩნდება".
"გლობალური მსოფლიო ის აღარ არის, რაც 5-6 წლის წინ იყო. ჩვენი ურთიერთობები ნებისმიერ სუბიექტთან აღარ არის ისეთი, როგორიც ადრე. შეიცვალა მთელი ჩვენი რეგიონი, შეიცვალა მასში არსებული რეალობა. ერთ-ერთი ასეთი გლობალური, რეგიონული მნიშვნელობის ცვლილება საქართველოს მიერ ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მიღებაა. ამას ობიექტური ზეგავლენა აქვს რეგიონზე. ახლა უკვე ორ ჩვენს მეზობელს - საქართველოსა და თურქეთს აქვთ ასეთი სტატუსი და შესაბამისად, ევროკავშირი უკვე ჩვენი რეგიონია" - განაცხადა ფაშინიანმა და ამ კონტექსტში საქართველოსთან სტრატეგიული დიალოგის მნიშვნელობა აღნიშნა.
მან უმნიშვნელოვანესი მოვლენა უწოდა მიმდინარე წლის იანვრის ბოლოს თბილისში სომხეთსა და საქართველოს შორის სტრატეგიული ურთიერთობების შესახებ დოკუმენტის გაფორმებას.
"უაღრესად მადლიერი ვარ ირაკლი ღარიბაშვილის გაწეული ნაყოფიერი მუშაობისთვის. დარწმუნებული ვარ, საქართველოს ახალ პრემიერ-მინისტრსა და მთავრობასთანაც ასეთი მუშაობა გაგრძელდება" - დასძინა ფაშინიანმა.