სომხეთის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანის განცხადებით, ერევანი სამხედრო-ტექნიკური თანამშრომლობისთვის ახალ პარტნიორებს ეძებს, რადგან არ შეუძლია ეს თანამშრომლობა მხოლოდ რუსეთთან განახორციელოს, როგორც ეს აქამდე ხდებოდა.
"ადრე თავდაცვის სფეროში სომხეთის ურთიერთობების 95-97%–ს რუსეთის ფედერაციასთან ურთიერთობა შეადგენდა, მაგრამ ახლა ეს არ შეიძლება, მოხდეს როგორც ობიექტური, ისე სუბიექტური მიზეზების გამო. სომხეთმა უნდა გაიგოს, ვისთან შეიძლება რეალურად გვქონდეს სამხედრო-ტექნიკური და თავდაცვითი ურთიერთობები“, - აღნიშნა ფაშინიანმა.
როგორც მან აღნიშნა, "2022 წლის იანვარში სომხეთის ხელისუფლებამ რუსეთთან თანამშრომლობით არმიის რეფორმის კონცეფცია მოამზადა, თუმცა იმ წლის ზამთრის მოვლენებმა - აზერბაიჯანის მიერ მთიანი ყარაბაღის სომხეთთან დამაკავშირებელი ლაჩინის დერეფნის ბლოკირებამ- აჩვენა, რომ ამ კონცეფციით წინსვლა შეუძლებელია".
პრემიერის თქმით, არმიის განვითარების კონცეფცია უნდა შეიცვალოს. მან პირობა დადო, რომ მსგავსი დოკუმენტის მიღება წლის ბოლომდე მოხდება.