ევროკავშირმა რუსი ოპოზიციონერი პოლიტიკოსის ალექსეი ნავალნის სიკვდილის გამო რუსეთის წარმომადგენელი კირილ ლოგვინოვი გამოიძახა.
"ევროკავშირის მმართველმა დირექტორმა აღმოსავლეთ ევროპის, რუსეთის, შუა აზიის რეგიონუდ და ეუთოს საკითხებში მიხაელ ზიბერტმა გამოიძახა რუსეთის საქმეთა რწმუნებული ევროპის კავშირში კირილ ლოგვინოვი და მოუწოდა რუსეთს, ნავალნის სიკვდილის გარემოებათა დამოუკიდებელი და გამჭვირვალე საერთაშორისო გამოძიება ჩაატაროს“, - ნათქვამია ევროკავშირის დიპლომატიური სამსახურის განცხადებაში.
47 წლის ალექსეი ნავალნის სიკვდილის ამბავი 16 თებერვალს, დღის მეორე ნახევარში გაავრცელა რუსეთის ფედერალური სასჯელაღსრულების სამსახურმა. უწყების მტკიცებით, ნავალნი გასეირნების შემდეგ გახდა ცუდად და გონება დაკარგა. ადგილზე მისულმა სასწრაფო სამედიცინო დახმარების ექიმებმა პატიმრის რეანიმირება ვერ შეძლეს.
პოლიტიკოსის ადვოკატმა ლეონიდ სოლოვიოვმა თქვა, რომ ადვოკატმა პატიმარი ოთხშაბათს მოინახულა და მაშინ ნავალნი თავს კარგად გრძნობდა. საზოგადოებრივი მონიტორინგის კომისიამაც განაცხადა, რომ ნავალნი ჯანმრთელობის პრობლემებს არ უჩიოდა. პროპაგანდისტული მედია ავიტარებს თრომბის ვერსიას.
ალექსეი ნავალნის დედამ დაწერა, რომ შვილი 12 თებერვალს მოინახულა და რომ ის "ცოცხალი, ჯანმრთელი, სიცოცხლით სავსე" იყო. მოგვიანებით, მას უთხრეს, რომ ცხედარი ექსპერტიზაზე გაგზავნეს, რომელიც 14 დღეს გასტანს.