ისრაელის ტერიტორიაზე სარაკეტო დარტყმების და საზღვრისპირა დასახლებებში „ჰამასის" მებრძოლების შეჭრის შემდეგ ქვეყნები ისრაელს სოლიდარობას უცხადებენ და იმ მოტივით, რომ „ჰამასმა" მშვიდობიანი მიზნებისთვის განკუთვნილი სახსრები არ გამოიყენოს, პალესტინელებისთვის გამოყოფილ ფინანსურ დახმარებას აჩერებენ.
„ჰამასის" ისრაელზე თავდასხმის შემდეგ ევროკავშირმა პალესტინელებისთვის 691 მილიონი ევროს დახმარება შეაჩერა.
ყველა გადახდა შეჩერებულია. ყველა პროექტი გადაცემულია განსახილველად. ყველა ახალი საბიუჯეტო წინადადება, მათ შორის 2023 წლისთვის, შეჩერებულია. მოხდება მთელი პორტფელის ყოვლისმომცველი შეფასება, - წერს სოციალურ ქსელში ევროკომისარი სამეზობლო და გაფართოების საკითხებში ოლივერ ვარჰეი.
გერმანიის მთავრობის წარმომადგენლის თქმით, გერმანიამ პალესტინელებისთვის განკუთვნილი 125 მილიონი ევროს დახმარება შეაჩერა.
ავსტრიამ აგრეთვე განაცხადა, რომ შეაჩერებს 19 მილიონი ევროს დახმარებას.
მათგან განსხვავებით, ნიდერლანდები არ აპირებს უარი თქვას პალესტინის ფინანსურ დახმარებაზე.
ნიდერლანდები სრულად ცნობს ისრაელის თავდაცვის უფლებას და ნიდერლანდების ებრაული ინსტიტუტები მიიღებენ დამატებით დაცვას, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა მარკ რუტემ და დაამატა, რომ პალესტინის ტერიტორიების განვითარებისთვის დახმარება არ შეჩერდება.
„ჩვენ უნდა განვასხვაოთ რიგითი პალესტინელები „ჰამასისგან“, ღაზელი პალესტინელები უკვე 16 წელია ცხოვრობენ „ჰამასის" „უღლის ქვეშ" - თქვა პრემიერ-მინისტრმა.