თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტო წელს კიდევ ერთ ახალ ინფრასტრუქტურულ პროექტს განახორციელებს - გლდანის რაიონში, სარაჯიშვილის ქუჩის N13-ში, თბილისის N14 საბავშვო ბაგა-ბაღის ახალი შენობის მშენებლობა დაიწყება, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე დღეს განაცხადა.
მისი თქმით, ტენდერი სამშენებლო სამუშაოების შესყიდვაზე უკვე გამოცხადებულია და განაცხადების მიღება 11 მაისს დასრულდება.
„ჩვენს ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტს წარმოადგენს სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებების მშენებლობა, არსებული შენობების რეაბილიტაცია, პატარებისთვის უსაფრთხო გარემოს შექმნა და მათი განვითარებისთვის საჭირო ინფრასტრუქტურის მოწყობა. გაზრდილი მოთხოვნიდან გამომდინარე, თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტო წელს კიდევ ერთ ახალ ინფრასტრუქტურულ პროექტს დაიწყებს. პროექტი ითვალისწინებს გლდანის რაიონში, სარაჯიშვილის ქუჩის N13-ში, თბილისის N14 საბავშვო ბაგა-ბაღის ახალი შენობის მშენებლობას. გასულ კვირას გამოცხადდა ტენდერი სამშენებლო სამუშაოების შესყიდვაზე, განაცხადების მიღება კი დასრულდება 11 მაისს. უახლოეს მომავალში გაფორმდება ხელშეკრულება გამარჯვებულ კომპანიასთან და დაიწყება ახალი, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი შენობის მშენებლობა“, - აღნიშნა კახა კალაძემ.
მისი თქმით, პროექტის თანახმად, ახალი ბაღი რვაჯგუფიანი იქნება და 250-მდე აღსაზრდელს მოემსახურება.
„ბაგა-ბაღის ტერიტორია 3 500-მდე კვადრატული მეტრია, სადაც აშენდება თანამედროვე, ევროპული სტანდარტების შენობა და უზრუნველყოფილი იქნება ბავშვთა უსაფრთხოების ყველა სტანდარტი. ჩვენ ძალიან დიდ ყურადღებას ვუთმობთ, რომ ყველა ნივთი აკმაყოფილებდეს საერთაშორისო სტანდარტებს და ჰქონდეს შესაბამისი სერტიფიკატი. ეს მიდგომა მომავალშიც გაგრძელდება“, - განაცხადა თბილისის მერმა.










