ევროკავშირი უკრაინას ერთ მილიონ საარტილერიო ჭურვს მიაწვდის.
"ევროკავშირი კიევს ჭურვებს სავარაუდოდ, მარტისთვის ან აპრილისთვის გაუგზავნის", – განაცხადა, Politico–ს ცნობით, ევროკავშირის ხელმძღვანელობის წევრმა ტიერი ბრეტონმა .
ამ მიზნის მისაღწევად მან ევროკავშირის ქვეყნებს მოუწოდა, შეამცირონ იარაღის ექსპორტი სხვა ქვეყნებში და ზეწოლა მოახდინონ სამხედრო-სამრეწველო კომპლექსზე, რათა გაზარდონ საბრძოლო მასალის შიდა წარმოება.
ამასთან, ბრეტონმა განაცხადა, რომ ორ წელიწადში ევროკავშირს შეუძლია, რუსეთს გაუტოლდეს იარაღის წარმოებაში.
ბრიუსელმა ადრე პირობა დადო, რომ უკრაინას გამოუყოფს 50 მილიარდი ევროს ღირებულების ოთხწლიანი დახმარების პაკეტს, მაგრამ ეს გადაწყვეტილება ჯერჯერობით ბუდაპეშტის მიერაა დაბლოკილი. უნგრეთის პრემიერ-მინისტრი ვიქტორ ორბანი მიიჩნევს, რომ უკრაინა არ უნდა იღებდეს ასეთ დიდ თანხებს ევროკავშირის ბიუჯეტიდან, რადგან ის არ არის ბლოკის წევრი.
ბრიუსელი უკრაინის დახმარების ალტერნატიულ პაკეტს ამზადებს იმ შემთხვევისთვის, თუ 1 თებერვალს ევროკავშირის სამიტზე კიევის ოთხწლიანი მხარდაჭერის პროგრამა ვერ დამტკიცდება.