კერძო სამხედრო კომპანია „ვაგნერის“ დამფუძნებელმა, ევგენი პრიგოჟინმა და მისმა მებრძოლებმა დონის როსტოვში მდებარე სამხრეთის სამხედრო ოლქის შტაბი დატოვეს. ვრცელდება ფოტო და ვიდეომასალა, სადაც ჩანს, როგორ ტოვებს პრიგოჟინი სამხედრო შტაბს.
როსტოვიდან გასვლისას ვაგნერის მებრძოლებს მათ ადგილობრივები შეძახილებით აცილებენ.
კრემლის პრესსპიკერის, დმიტრი პესკოვის განცხადებით, მიღწეული შეთანხმების შედეგად ევგენი პრიგოჟინი ბელარუსში წავა, მის წინააღმდეგ სისხლის სამართლის დევნა შეწყდება. მებრძოლები საველე ბანაკებს დაუბრუნდებიან.
„ვაგნერის“ მებრძოლებმა როსტოვის სამხედრო ობიექტები გუშინ გამთენიისას დაიკავეს. მათ ასევე სამხედრო ობიექტები დაიკავეს ვორონეჟშიც და წინსვლას მოსკოვისკენ განაგრძობდნენ. თუმცა დღის ბოლოს ევგენი პრიგოჟინმა განაცხადა, რომ კოლონებს უკან აბრუნებდა სისხლის ღვრის თავიდან ასაცილებლად.
პრიგოჟინმა სამხედრო ამბოხის შეწყვეტისა და მებრძოლების საველე ბანაკებში დაბრუნების გადაწყვეტილება ალექსანდრ ლუკაშენკოსთან საუბრის შემდეგ გამოაცხადა.