თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა გაეროს გენერალურ ასამბლეაზე გამოსვლისას მხარდაჭერა გამოხატა აზერბაიჯანის ქმედებების მიმართ. ერდოღანის განცხადებას თურქეთის სახელმწიფო სააგენტო Anadolu ციტირებს.
თურქეთის ლიდერმა თქვა, რომ ანკარა თავიდანვე მხარს უჭერდა აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის მოლაპარაკების პროცესს, მაგრამ ერევანმა "ვერ გამოიყენა ეს ისტორიული შესაძლებლობა."
"როგორც ახლა ყველა აღიარებს, ყარაბაღი აზერბაიჯანის ტერიტორიაა, ამის გარდა სხვა სტატუსი არასოდეს დამტკიცდება. ჩვენ მხარს ვუჭერთ აზერბაიჯანის მიერ გადადგმულ ნაბიჯებს, რომელიც მოქმედებს ლოზუნგით - 'ერთი ხალხი, ორი სახელმწიფო' თავისი ტერიტორიული მთლიანობის დასაცავად." - აღნიშნა თურქეთის ლიდერმა.
გუშინ აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტრომ, ყარაბაღში, "ლოკალური ხასიათის ანტიტერორისტული ღონისძიებების დაწყების" შესახებ განაცხადა. მისივე ინფორმაციით, "წინა ხაზზე და სიღრმეში, მაღალი სიზუსტის იარაღის გამოყენებით, ანტიტერორისტული ღონისძიებების ფარგლებში, მწყობრიდან გამოჰყავთ სომხეთის შეიარაღებული ძალების ფორმირებების პოზიციები, მათი ხანგრძლივი საცეცხლე წერტილები, საბრძოლო საშუალებები და სამხედრო დანიშნულების ობიექტები".
ბაქოს მტკიცებით, "სამოქალაქო მოსახლეობა და სამოქალაქო ინფრასტრუქტურის ობიექტები სამიზნეს არ წარმოადგენს - ნადგურდება მხოლოდ ლეგიტიმური სამხედრო სამიზნეები".
აზერბაიჯანული მხარის ინფორმაციით, "ოპერაციის შესახებ წინასწარ ეცნობა კონფლიქტის ზონაში მყოფი რუსული სამშვიდობო კონტინგენტის ხელმძღვანელობასა და თურქულ-რუსულ მონიტორინგის ცენტრს".
მანამდე, ბაქომ, ჭურვის აფეთქების შედეგად, აზერბაიჯანის შსს-ს 4 თანამშრომლის დაღუპვის შესახებ განაცხადა. მისივე მონაცემებით, ჭურვი "სომხეთის შეიარაღებული ძალების სადაზვერვო-დივერსიულმა ჯგუფმა, აზერბაიჯანის კუთვნილ ყარაბაღის ეკონომიკურ რაიონში, ტერორისტული მიზნით ჩადო".