საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა განაცხადა, რომ ტერორისტულმა დაჯგუფება "ისლამურმა სახელმწიფომ", რომელმაც აიღო პასუხისმგებლობა გასულ პარასკევს მოსკოვის მახლობლად Crocus City Hall-ის საკონცერტო დარბაზში მომხდარ თავდასხმაზე, ცოტა ხნის წინ სცადა რამდენიმე ტერორისტული აქტის საფრანგეთში განხორციელება.

მაკრონს დეტალებზე არ უსაუბრია.

ბოლო პერიოდში არ ყოფილა საჯარო ცნობები საფრანგეთში ტერორისტული თავდასხმების აღკვეთის შესახებ. თუმცა შაბათს ცნობილი გახდა, რომ საფრანგეთში ტერორისტული საფრთხის დონე მაქსიმუმამდე გაიზარდა. ამის შესახებ გადაწყვეტილება თავდაცვისა და ეროვნული უშიშროების საბჭომ მიიღო.

მაკრონმა თქვა, რომ დარწმუნებულია, რომ რუსეთში თავდასხმა "ისლამური სახელმწიფოს" მიერ იყო განხორციელებული, გააფრთხილა რუსეთი, მტკიცებულებების გარეშე უკრაინის დადანაშაულების მცდელობას თავი აარიდოს და თქვა, რომ პარიზმა მოსკოვს შესთავაზა თანამშრომლობის ამაღლება "ტერორიზმთან ბრძოლის საკითხში", – იუწყება Reuters.

უკრაინაში რუსეთის შეჭრის გამო საფრანგეთსა და რუსეთს შორის ურთიერთობა უკიდურესად დაძაბულია. მაკრონმა ცოტა ხნის არ გამორიცხა უკრაინაში დასავლელი სამხედრო პერსონალის გაგზავნის შესაძლებლობა, რასაც მოსკოვის მწვავე რეაქცია მოჰყვა.

ორშაბათს, The New York Times წყაროებზე დაყრდნობით იტყობინება, რომ "ისლამური სახელმწიფო", კერძოდ, მისი ავღანური ფრთა – "ხორასანი" (ასევე ცნობილი როგორც ISIS-K), რომელიც შთაგონებულია რუსეთში განხორციელებული ტერაქტის დიდი მსხვერპლით, შესაძლოა, გეგმავს ახალი ტერაქტებს ევროპის ქვეყნებში, მათ შორის საფრანგეთში, სადაც მანამდე იყო რამდენიმე თავდასხმა დიდი რაოდენობით მსხვერპლით, რაზედაც პასუხისმგებლობა აიღო ISIS-მა.

კერძოდ, უსაფრთხოების ექსპერტები აღნიშნავენ, რომ პარიზის ოლიმპიური თამაშები, რომელიც 26 ივლისიდან 11 აგვისტოს ჩათვლით გაიმართება, შესაძლოა, ტერორისტების „პირველ სამიზნედ“ იქცეს.