საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონის განცხადებით, უკრაინაში, რაღაც მომენტში შესაძლოა, დასავლეთის სახმელეთო ოპერაციები საჭირო გახდეს.

„შესაძლოა, რაღაც მომენტში - მე ეს არ მინდა, მე არ ვიქნები ინიციატორი - შესაძლოა, ჩვენ მოგვიწიოს ოპერაციების ჩატარება ადგილზე, როგორიც არ უნდა იყოს ისინი, რუსეთის ძალებთან დასაპირისპირებლად. საფრანგეთის ძალა არის ის, რომ ჩვენ შეგვიძლია ამის გაკეთება“, - განუცხადა მაკრონმა Le Parisien-ს.

გამოცემა France24 წერს, რომ მოკავშირეებს შორის არსებობს სერიოზული უთანხმოება უკრაინაში სახმელეთო ოპერაციების ჩატარებისა და კიევისთვის შორ მანძილზე მოქმედი რაკეტების მიწოდებასთან დაკავშირებით.

მაკრონი კიევის მიმართ სოლიდარობის ნიშნად პარასკევს ბერლინში გერმანელ და პოლონელ კოლეგებს შეხვდა. შეხვედრის შემდეგ საფრანგეთის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ე.წ. ვაიმარის სამკუთხედის სამი ქვეყანა გაერთიანდა იმ მიზნით, რომ არასოდეს დაუშვან რუსეთის გამარჯვება და რომ ბოლომდე მხარი დაუჭირონ უკრაინელ ხალხს.