საფრანგეთს უკრაინის დახმარებისთვის ლიმიტები არ აქვს, ვიმოქმედებთ იმის მიხედვით, თუ როგორ მოიქცევა რუსეთი, – ამის შესახებ საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა უკრაინულ მედიასთან განაცხადა.

„მე ვთქვი, რა არის ჩვენი მიზანი. რუსეთს არ შეუძლია და არ უნდა მოიგოს ეს ომი. გარდა ამისა, ჩვენი მიზანია ევროპაში მდგრადი მშვიდობის დაბრუნება. ამ მიზნის მისაღწევად, ჩვენ არ მივყვებით ესკალაციის გზას, რადგან არ გვჭირდება მორიგი ომი, მაგრამ მზად ვართ, ვთქვათ, რომ ჩვენ არ გვაქვს ლიმიტები და ვიმოქმედებთ იმის მიხედვით, თუ როგორ მოიქცევა რუსეთი.

ჩვენ უნდა განვსაზღვროთ, არა მხოლოდ როგორ მივიდეთ მშვიდობასთან, არამედ როგორი იქნება ეს ნამდვილი მშვიდობა, რომელიც უზრუნველყოფს თქვენი და ევროპის უსაფრთხოებას. ამიტომ გვჭირდება ახალი იმპულსი ევროპის ქვეყნების დონეზე, რომ დააჩქაროს დახმარება. თუ მტერი ამბობს, რომ ლიმიტები არ არსებობს, რატომ უნდა ვთქვათ, რომ ჩვენ გვაქვს ეს ლიმიტები?“ – განაცხადა საფრანგეთის პრეზიდენტმა.