ლატვიის პრეზიდენტი ედგარს რინკევიჩი რუსეთის კოლონიაში ოპოზიციის ლიდერის ალექსეი ნავალნის დაღუპვის შესახებ ცნობებს ეხმიანება და კრემლი პოლიტიკოსის მკვლელობაში დაადანაშაულა.
"როგორც არ უნდა ფიქრობთ ალექსეი ნავალნიზე, როგორც პოლიტიკოსზე, ის სასტიკად მოკლა კრემლმა. ეს ფაქტია და ეს არის ის, რაც თქვენ უნდა იცოდეთ ამჟამინდელი რუსული რეჟიმის ჭეშმარიტი ბუნების შესახებ", - დაწერა მან X–ზე.
რინკევიჩმა მიუსამძიმრა ოპოზიციონერის ოჯახს.
რუსეთის იამალო-ნენეცის ავტონომიური ოკრუგის ფედერალური სასჯელაღსრულების სამსახურის ოფისი ვებგვერდზე 47 წლის ოპოზიციონერი პოლიტიკოსის ალექსეი ნავალნის გარდაცვალების შესახებ გამოქვეყნდა ცნობა.
„2024 წლის 16 თებერვალს, No3 გამოსასწორებელ კოლონიაში, მსჯავრდადებულმა ა.ა. ნავალნიმ სიარულის შემდეგ თავი ცუდად იგრძნო, თითქმის მაშინვე დაკარგა გონება“, - ნათქვამია მოხსენებაში.
განცხადებაში აღნიშნულია, რომ დაწესებულების სამედიცინო მუშაკები სასწრაფოდ მივიდნენ ადგილზე და „სასწრაფო დახმარების ეკიპაჟი გამოიძახეს“.
„განხორციელდა ყველა საჭირო რეანიმაციული ღონისძიება, მაგრამ დადებითი შედეგი არ გამოიღო. სასწრაფო დახმარების ექიმებმა მსჯავრდადებულის გარდაცვალება დაადასტურეს. გარდაცვალების მიზეზები დგინდება“, - ნათქვამია ფედერალური სასჯელაღსრულების სამსახურის განცხადებაში.
ალექსეი ნავალნის ადვოკატმა ლეონიდ სოლოვიოვმა განუცხადა Novaya Gazeta-ს, რომ მან ოთხშაბათს მოინახულა ნავალნი კოლონიაში და "მაშინ ყველაფერი კარგად იყო“.
რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა დმიტრი პესკოვმა დაადასტურა, რომ მომხდარის შესახებ ინფორმირებულია. ”არსებობს გარკვეული წესები, რომლითაც ფედერალური სასჯელაღსრულების სამსახური ახლა ხელმძღვანელობს”, - თქვა პესკოვმა.