პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა დონალდ ტუსკმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ მისი უნგრელი კოლეგა ვიქტორ ორბანი, რომელიც აფერხებს ევროკავშირის დონეზე გადაწყვეტილების მიღებას უკრაინის დამატებითი დახმარების შესახებ, მარტოა ამ პოზიციაზე. ამის შესახებ დონალდ ტუსკმა 30 იანვარს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
ტუსკის თქმით, უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის დაწყების შემდეგ, "ევროპაში ბევრი რამ შეიცვალა": "ვიქტორ ორბანი მარტო დარჩა ბრძოლის ველზე, ის ერთადერთი ასე აშკარად ანტიუკრაინული პოლიტიკოსია."
პოლონეთის პრემიერ-მინისტრი მიიჩნევს, რომ ევროპელი ლიდერები ახლა გადამწყვეტად არიან განწყობილი უკრაინის მხარდაჭერაში.
"უდავოდ, ვიქტორ ორბანს ძალიან სერიოზული გამოცდა ელის, ყველაფერი იმაზე მეტყველებს, რომ ასე თუ ისე ჩვენ ვიპოვით რაიმე სახის გამოსავალს უკრაინის მხარდასაჭერად - ორბანით თუ მის გარეშე.
მაგრამ უკეთესი იქნებოდა და ამ ვითარებაში ყველანი თავს უკეთ ვიგრძნობდით, თუ ამ საკითხში ევროპის ერთიანობა შენარჩუნდებოდა. და ჩვენ ამაზე ვმუშაობთ." - აღნიშნა ტუსკმა.
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა დმიტრო კულებამ განაცხადა, რომ უნგრეთის პრემიერ-მინისტრი ვიქტორ ორბანი, ისევე როგორც საგარეო საქმეთა მინისტრი პიტერ სიარტო არა პრორუსი, არამედ პრო-უნგრელი პოლიტიკოსები არიან.