პოლონეთის პრემიერმინისტრმა, დონალდ ტუსკმა მოლდოვის პრეზიდენტს, მაია სანდუს საპარლამენტო არჩევნების წინასწარი შედეგებით მისი პარტიის გამარჯვება მიულოცა და აღნიშნა, რომ საამისოდ "მოლდოველ ერსა და პირადად მაია სანდუს ნამდვილი გამბედაობა დასჭირდა". ამის შესახებ ტუსკი X-ზე წერს.
ტუსკმა ასევე ხაზი გაუსვა, რომ არჩევნებში სანდუს პროევროპული პარტიის გამარჯვებით მოლდოვამ არა მხოლოდ შეინარჩუნა დემოკრატიული კურსი და გადაარჩინა დემოკრატია, არამედ რუსეთს ასევე მთლიან რეგიონზე კონტროლის დამყარებაში ხელი შეუშალა.
"ამ არჩევნებში გასამარჯვებლად მოლდოველ ერსა და პირადად მაია სანდუს ნამდვილი გამბედაობა დასჭირდათ. თქვენ არა მხოლოდ გადაარჩინეთ დემოკრატია და შეინარჩუნეთ ევროპული კურსი, არამედ რუსეთის მიერ მთლიან რეგიონზე კონტროლის დამყარების მცდელობა შეაჩერეთ. ეს ყველა ჩვენგანისთვის კარგი გაკვეთილია". - წერს ტუსკი.
It took real courage of the Moldovan nation and Maia Sandu personally to win this election. Not only did you save democracy and kept the European course, but you have also stopped Russia in its attempts to take control over the whole region. A good lesson for us all.
— Donald Tusk (@donaldtusk) September 29, 2025
უახლესი ინფორმაციით, საპარლამენტო არჩევნების წინასწარი შედეგების მიხედვით, პრეზიდენტ მაია სანდუს პროევროპული პარტია, "მოქმედებისა და სოლიდარობის პარტია" (PAS) ხმების 50.16%-ით ლიდერობს და პარლამენტში უმრავლესობის შენარჩუნებას შეძლებს. ამჟამად ხმების 99.91% არის დათვლილი.
ამასთან, პრორუსული "პატრიოტული ბლოკს" (BEC) ხმების 24.19%-ს აქვს, მესამე ადგილს კი ხმების 7.97%-ით ალექსანდრ სტოიანოგლოს პარტია "ალტერნატივა" იკავებს. მას მოჰყვება "ჩვენი პარტია," ხმების 6.20%-ით. ხოლო მეხუთე ადგილს მოლდოვის დემოკრატიული პარტია (PPDA), რომელსაც ხმების 5.62% აქვს.