პოლონეთი მტკიცედ დაიცავს ქვეყნის საჰაერო სივრცეს, – ამის შესახებ პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა, დონალდ ტუსკმა განაცხადა.
"პოლონეთი ყოყმანის გარეშე მიიღებს გადაწყვეტილებას, ჩამოაგდოს მფრინავი ობიექტები, თუ ისინი დაარღვევენ ჩვენს საჰაერო სივრცეს, ეს საკითხი არ განიხილება", – განაცხადა პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა.
ტუსკის თქმით, პოლონეთს ყოველთვის მტკიცე რეაგირება ექნება, თუმცა "არც თუ ისე მკაფიო" სიტუაციებში, როდესაც ინციდენტები პოლონეთის ტერიტორიული წყლების ფარგლებს გარეთ ხდება, გადაწყვეტილებები განსაკუთრებულ სიფრთხილეს მოითხოვს.
ამასთან, პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ პოლონეთი მუშაობს მოკავშირეებთან და მზად არის "ნებისმიერი გადაწყვეტილებისთვის, რომელიც მიზნად ისახავს ყველა იმ ობიექტის განადგურებას, რომლებიც შეიძლება ჩვენთვის საშიშროებას წარმოადგენდეს".
"მაგრამ მე 100%-ით დარწმუნებული უნდა ვიყო, რომ ჩვენი მოკავშირეები ამასთან დაკავშირებით იმავენაირად მოიქცევიან, როგორც ჩვენ, რომ თუ კონფლიქტი ძალიან მწვავე ფაზაში გადავა, ჩვენ მარტო არ ვიქნებით", – ხაზგასმით აღნიშნა ტუსკმა.