ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა გენერალური პროკურორის თანამდებობაზე ახალი კანდიდატი პამელა (პემ) ბონდი წარადგინა. 59 წლის ბონდი ფლორიდის შტატის ყოფილი გენერალური პროკურორია.
ტრამპმა ბონდის კანდიდატურა მას შემდეგ შეარჩია, რაც აშშ-ის იუსტიციის მინისტრობის და შესაბამისად, გენერალური პროკურორობის კანდიდატობაზე დონალდ ტრამპის მიერ 14 ნოემბერს წარდგენილმა კონგრესმენმა მეტ გეცმა უარი განაცხადა.
ტრამპის მიერ გენერალური პროკურორის თანამდებობაზე გეცის დასახელებამ სკანდალი გამოიწვია, რადგან კონგრესმენის მიმართ 2020 წლიდან არსებობს ეჭვები ბავშვების სექსუალურ ექსპლუატაციასთან სავარაუდო კავშირის, სავარაუდოდ, ნარკოტიკული საშუალებების უკანონოდ გამოყენების და სავარაუდოდ, ქრთამის აღების შესახებ.
21 ნოემბერს, სოციალური ქსელებით გავრცელებულ განცხადებაში მეტ გეცმა უარი იმით ახსნა, რომ "გენერალური პროკურორის პოსტზე მის კანდიდატურას „დაუმსახურებლად" გადააქვს ყურადღება ახალი ადმინისტრაციის ფორმირების პროცესისგან".
გეცის გადაწყვეტილების შემდეგ, დონალდ ტრამპმა თავის სოციალურ ქსელ Truth-ში დაწერა, რომ "გენერალური პროკურორის თანამდებობაზე ასახელებს პემ ბონდის, რომელმაც ფლორიდის გენერალურ პროკურორად მუშაობის პერიოდში ეს შტატი უსაფრთხო გახადა და აშშ-ის იუსტიციის სამინისტროსაც დაუბრუნებს პირდაპირ დანიშნულებას - დანაშაულთან ბრძოლას".