დონალდ ტრამპი შეერთებული შტატების სავაჭრო ტარიფებისგან განსაკუთრებით დაზარალებულ ქვეყნებში სი ძინპინის ხუთდღიან ტურნეს ეხმიანება.  

ორშაბათს ჰანოიში ჩასვლით ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის პრეზიდენტ სი ძინპინის ხუთდღიანი სამხრეთაზიური ტურნე დაიწყო. ჩინეთის პრეზიდენტი ვიეტნამის შემდეგ ესტუმრება კამბოჯას და მალაიზიას. სამივე ეს ქვეყანა დონალდ ტრამპის მიერ დამტკიცებული ახალი სავაჭრო ტარიფებისგან განსაკუთრებით დაზარალებულთა შორისაა. 

გუშინ, ვიეტნამის ლიდერ ტო ლამთან შეხვედრისას, სი ძინპინმა  სავაჭრო კავშირების გაძლიერებისკენ მოუწოდა და ხელი მოაწერა ათეულობით შეთანხმებას თანამშრომლობის, მათ შორის, მიწოდების ჯაჭვების გაუმჯობესების შესახებ

სი ძინპინის ტურნეს და ვიეტნამში გამართული შეხვედრის კომენტირებისას დონალდ ტრამპმა თქვა, რომ ტურნეს მიზანი შეერთებული შტატებისთვის ზიანის მიყენებაა, თუმცა მას ამის გამო არავითარი წყენა არ აქვს. 

მე არ ვადანაშაულებ ჩინეთს, მე არ ვადანაშაულებ ვიეტნამს. ეს მშვენიერი შეხვედრაა. შეხვედრა, რომლის მიზანიც არის შეერთებული შტატების გაცუცურაკება, - განაცხადა დონალდ ტრამპმა.

„გარდიანის“ ცნობით, მიმდინარე წლის სამ თვეში ვიეტნამმა ჩინეთიდან 30 მილიარდი დოლარის საქონელი შეიტანა, ხოლო შეერთებულ შტატებში ექსპორტმა 31,4 მილიარდი დოლარი შეადგინა.