ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრი დევიდ კამერონი მიესალმა აშშ-ის სენატის მიერ უკრაინისთვის თითქმის 60 მილიარდი დოლარი დახმარების შესახებ კანონპროექტის მიღებას და კონგრესს მისი მხარდაჭერისკენ მოუწოდა.
მივესალმები აშშ-ის სენატის მიერ კანონპროექტის მიღებას. უკრაინის მხარდაჭერის პაკეტს, რომელსაც კონგრესი განიხილავს, დიდი მნიშვნელობა აქვს დიდი ბრიტანეთისა და ევროპის უსაფრთხოებისთვის. ევროკავშირმა ახლახან შეათანხმა საკუთარი 50 მილიარდი ევროს მრავალწლიანი დაფინანსების პაკეტი. გასულ თვეში გერმანიამ გააორმაგა უკრაინის სამხედრო დახმარება და დიდი ბრიტანეთი გახდა პირველი ქვეყანა, რომელმაც მოაწერა ხელი კიევთან უსაფრთხოების ორმხრივ შეთანხმებას, - განაცხადა დევიდ კამერონმა.
მისი თქმით, ამ დახმარების შედეგად რუსეთის ომამდელი სამხედრო შესაძლებლობები თითქმის განახევრებულია. ჩაძირულია შავი ზღვის ფლოტის თითქმის მეოთხედი და ორ წელიწადში რუსეთს ჰყავს თითქმის 300 000 მოკლული და დაჭრილი - მეტი, ვიდრე საბჭოთა კავშირს ჰყავდა 10 წლის განმავლობაში.
ჩვენ გვაქვს რესურსები, ეკონომიკური ძალა, გამოცდილება. ჩვენი ეკონომიკური ძალა დაახლოებით 25-ჯერ აღემატება რუსეთისას. მათ დახმარებისთვის ფხენიანს უნდა მიმართონ. რესურსების რუსეთის წინააღმდეგ გამოსაყენებლად ჩვენი ძალისხმევაა საჭირო. სანამ კონგრესი განიხილავს და კენჭს უყრის უკრაინის დაფინანსების პაკეტს, მე ვაპირებ უარის თქმას ყოველგვარ დიპლომატიურ დახვეწილობაზე და კონგრესს მისი მიღებისკენ მოვუწოდებ, - თქვა კამერონმა.
დიდი ბრიტანეთის საგარეო მინისტრის თქმით, ყველამ - აშშ-მა, დიდმა ბრიტანეთმა, ევროპელმა და სხვა მოკავშირეებმა - მხარი უნდა დაუჭირონ უკრაინას სრულიად გაუმართლებელი აგრესიის წინააღმდეგ ბრძოლაში.
„ძნელი წარმოსადგენია, იოტისოდენა გასამართლებელი მიზეზის გარეშე ერთი ქვეყნის მეორეში შეჭრის უფრო თვალსაჩინო შემთხვევა.
მჯერა, რომ ჩვენი ერთობლივი ისტორია გვიჩვენებს, თუ როგორი უგუნურებაა დაუთმო ტირანებს, რომლებსაც სწამთ ძალის გამოყენებით საზღვრების გადაკეთების. არ მინდა გამოვიჩინოთ ის სისუსტე, რომელიც ჰიტლერის წინააღმდეგ 1930-იან წლებში გამოვლინდა. არ მინდა გამოვიჩინოთ ის სისუსტე, რომელიც გამოვავლინეთ პუტინის წინააღმდეგ 2008 წელს, როდესაც ის საქართველოში შეიჭრა, ან გაუბედაობა საპასუხოდ 2014 წლისა, როდესაც მან დაიპყრო ყირიმი და დონბასის დიდი ნაწილი მანამ, სანამ 2022 წელს დაბრუნდებოდა, რათა მისი აგრესია ბევრად ძვირი დაგვჯდომოდა.
მინდა, რომ ვაჩვენოთ ის ძალა, რაც გამოვავლინეთ 2022 წლიდან, როდესაც დასავლეთი დაეხმარა უკრაინელებს პუტინის მიერ მიტაცებული ტერიტორიის ნახევრის გათავისუფლებაში და ეს ყველაფერი მოხდა ნატოს სამხედროებში დანაკარგების გარეშე", - განაცხადა დევიდ კამერონმა კონგრესისადმი მიმართვაში.