პენტაგონმა განაცხადა გასულ წელს უკრაინაში დასავლური იარაღის გატაცების შესახებ, რომლებიც შემდგომში უკან დააბრუნეს,– ამის შესახებ CNN აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტის გენერალური ინსპექტორის მოხსენებაზე დაყრდნობით იტყობინება.
2022 წლის 6 ოქტომბრის მოხსენებაში სახელწოდებით, "თავდაცვის სამინისტროს პასუხისმგებლობა უკრაინას მიწოდებულ აღჭურვილობაზე", საუბარია უკრაინის სპეცსამსახურების მიერ იარაღისა და აღჭურვილობის გატაცების შემთხვევების გამოვლენაზე. დოკუმენტი ეხება 2022 წლის თებერვალ-სექტემბრის პერიოდს.
მოხსენებაში აღნიშნულია, რომ უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ, პენტაგონის შესაძლებლობა, თვალი ადევნოს და აკონტროლოს უკრაინაში შესულ ყველა ამერიკულ აღჭურვილობას, პრობლემურია ქვეყანაში აშშ-ის შეზღუდული ყოფნის გამო. აშშ–მა ოქტომბრის ბოლოს დაიწყო უკრაინის იარაღის საცავებში ინსპექტირების ჩატარება, რათა უკეთ ედევნებინა თვალი იარაღის მოძრაობისთვის. პენტაგონმა უკრაინელებს ასევე მიაწოდა სათვალთვალო სისტემები, მათ შორის სკანერები და პროგრამული უზრუნველყოფა, მაგრამ ანგარიში ხაზს უსვამს, თუ რამდენად რთული იყო აშშ-სთვის ომის პირველ დღეებში მილიარდობით დოლარის ღირებულების იარაღისა და აღჭურვილობისთვის თვალის დევნება.
ანგარიშის მიხედვით, კრიმინალურმა ორგანიზაციებმა მოახერხეს უკრაინისთვის აშშ-ისა და მისი მოკავშირეების მიერ მოწოდებული იარაღისა და აღჭურვილობის ნაწილის მოპარვა.
2022 წლის ივნისის ბოლოს, ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფი უსახელო რუსი თანამდებობის პირის ხელმძღვანელობით შეუერთდა მოხალისეთა ბატალიონს ყალბი დოკუმენტებით და მოიპარა იარაღი, მათ შორის ყუმბარმტყორცნი და ავტომატი, ასევე 1000-ზე მეტი საბრძოლო მასალა, – ნათქვამია მოხსენებაში. იუწყებიან, რომ საქმე უკრაინის დაზვერვამ გახსნა.
იმავე თვეში, უკრაინის სადაზვერვო სამსახურებმა ასევე გამოავლინეს იარაღის დილერების შეთქმულება, რომლებიც მუშაობდნენ სამხრეთ უკრაინის ფრონტის ხაზიდან მოპარული იარაღისა და საბრძოლო მასალის გაყიდვაზე.
ასევე გამოავლინეს უკრაინელი კრიმინალების ცალკეული შეთქმულება, რომლებმაც მოხალისე მუშაკებს საფარქვეშ მოიპარეს 17000 აშშ დოლარის ჯავშანჟილეტები.
2022 წლის აგვისტოში კი, უკრაინის სადაზვერვო სამსახურებმა გამოავლინეს მოხალისეთა ბატალიონის მებრძოლების ჯგუფი, რომლებმაც მოიპარეს 60 ერთეული ცეცხლსასროლი იარაღი, თითქმის 1000 ერთეული საბრძოლო მასალა და შეინახეს საწყობში, „სავარაუდოდ, შავ ბაზარზე გასაყიდად“.
ანგარიშში არ არის დაზუსტებული, იყო თუ არა ეს იარაღი და აღჭურვილობა ამერიკული, მაგრამ შემთხვევები აღწერილია გრაფაში, რომელიც ეხება აშშ-ის მიერ მოწოდებული იარაღის მიკვლევას.
პენტაგონის გენერალურმა ინსპექტორმა აღნიშნა, რომ იმგვარი მსხვილი ტექნიკისთვის, როგორიცაა რაკეტები და ვერტმფრენები, უფრო ადვილია სადაზვერვო მექანიზმებით თვალის დევნება. თუმცა, რთული იყო კონტროლის განხორციელება უფრო მცირე ზომის საშუალებებზე.
წელს შეერთებულმა შტატებმა განაცხადა, რომ არ აღმოაჩინა მტკიცებულება იმისა, რომ იარაღი, რომელიც მან კიევს მიაწოდა, უკრაინის ფარგლებს გარეთ გავიდა.
იარაღის გასაკონტროლებლად, რომელსაც დასავლეთი აწვდის უკრაინას, არსებობს ლოგისტიკური პროგრამული უზრუნველყოფა, რომელსაც ასევე იყენებენ შეერთებული შტატები და დიდი ბრიტანეთი.