უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა, ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში, ამერიკული წარმოების 16 ქვეითი საბრძოლო მანქანა Bradley დაკარგა. ამის შესახებ CNN ღია წყაროებიდან მიღებული მონაცემების ანალიზზე დაყრდნობით წერს.

"ბრედლის" საბრძოლო მანქანა ეკიპაჟის დაახლოებით 10 წევრს იტევს და ბრძოლაში საცეცხლე მხარდაჭერას უზრუნველყოფს. განადგურებული, დაზიანებული და მიტოვებული "ბრედლის" წილი, აშშ-ს მიერ უკრაინისთვის გადაცემული 109 მანქანის თითქმის 15%-ია, თქვა იაკუბ იანოვსკიმ, Project Oryx-ის ანალიტიკოსმა. Oryx-ის ცნობით, საერთო ჯამში, უკრაინის არმიამ საომარი მოქმედებების დაწყებიდან, თითქმის 3,6 ათასი ერთეული სამხედრო ტექნიკა დაკარგა.

8 ივნისს, როდესაც უკრაინის 47-ე ბრიგადამ შეტევა დაიწყო ზაპოროჟიეს სამხრეთ-აღმოსავლეთით, გერმანული წარმოების "ლეოპარდის" ტანკებით მხარდაჭერილი "ბრედლის" საბრძოლო მანქანების ჯგუფი ცეცხლის ქვეშ აღმოჩნდა, იტყობინება AFP. სააგენტოს ცნობით, ცხრა მანქანიდან ექვსი განადგურდა, სამი დაზიანდა, ერთი კი გადარჩა.

ზაპოროჟიეს ქალაქ ორეხოვოს მახლობლად განლაგებული უკრაინელი ჯარისკაცების თქმით, მათ "ბრედლის" "უმეტესობა" დაკარგეს.

10 ივნისს რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ უკრაინის შეიარაღებული ძალების თავდასხმების დროს, განადგურდა "ლეოპარდის" ოთხი ტანკი და "ბრედლის" ხუთი ქვეითი საბრძოლო მანქანა ლევადნოიეს, ზაპოროჟიეს ოლქის დასახლებებში, ასევე სტოროჟევოესა და ნესკუჩნოეში.

12 ივნისს, დილით, რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ, ზაპოროჟიეს მიმართულებით უკრაინის შეიარაღებული ძალების ჯავშანტექნიკის განადგურების შესახებ, ტელეგრამის არხზე პოსტი გამოაქვეყნა.

"ამჟამად, მტრის ჯავშანტექნიკა სულ უფრო მეტ ახალ შეტევას ახორციელებს ზაპოროჟიეს მიმართულებით. თუმცა მათ გზაზე რუსული ტანკერები დგანან, რომლებიც დასავლურ ჯავშანმანქანებს ლითონის ჯართად აქცევენ", - ნათქვამია განცხადებაში.

10 ივნისს უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ უკრაინის შეიარაღებული ძალები აწარმოებენ "კონტრშეტევას და თავდაცვით მოქმედებებს", მაგრამ უარი თქვა იმის თქმაზე, თუ რა ეტაპზე იმყოფებოდნენ. რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა წინა დღით განაცხადა, რომ უკრაინის შეიარაღებული ძალების კონტრშეტევა დაიწყო, მაგრამ წარმატებას "ვერცერთ სექტორში" მიაღწია.