ჩილეს ცენტრალურ ნაწილში მეხანძრეები განაგრძობენ ბრძოლას ტყის ხანძრების წინააღმდეგ, რომელსაც, ბოლო მონაცემებით, 112 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, - იუწყება Reuters.
ქვეყნის ხელისუფლებაში შიშობენ, რომ დაღუპულთა რიცხვი კიდევ გაიზრდება, რადგან ასობით ადამიანი კვლავ უგზო-უკვლოდ დაკარგულად ითვლება.
განსაკუთრებით მძიმედ დაზარალდა ქალაქი ვინია-დელ-მარი, რომელიც ჩილეს დედაქალაქ სანტიაგოდან 120 კილომეტრში მდებარეობს.
ჩილეს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, მანუელ მონსალვემ გუშინ განაცხადა, რომ ქვეყანაში ხანძრის 165 კერა ფიქსირდება და რომ მხოლოდ ვინია-დელ-მარსა და კილპუეში დაახლოებით 14 000 სახლი დაზიანდა.