ჩეხეთი უკრაინას მოიერიშე ვერტმფრენებს და მსხვილკალიბრიან საბრძოლო მასალას გადასცემს, გარდა ამისა დაეხმარება პილოტების წვრთნაში ამერიკული წარმოების F-16-ის ტიპის თვითმფრინავებზე. ამის შესახებ ჩეხეთის პრემიერ-მინისტრმა, პეტრ ფიალამ ვოლოდიმირ ზელენსკისთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
"დღეს მე დავუდასტურე ბატონ პრეზიდენტს, რომ მომდევნო თვეებში ჩეხეთი უკრაინას მოიერიშე ვერტმფრენებს და 100 ათასს მსხვილკალიბრიან ჭურვს გადასცემს",- განაცხადა ფიალამ.
ჩეხეთის პრემიერი ამბობს რომ გარდა ამისა უკრაინა მიიღებს F-16-ის საწვრთნელ სიმულატორებს, რაც მათ პილოტების წვრთნაში დაეხმარება.
"უნდა ვთქვა, რომ უკრაინის წინააღმდეგობა ბარბაროსული რუსული აგრესიის წინააღმდეგ აღფრთოვანებას იწვევს და მიხარია, რომ ამ ბრძოლაში უკრაინელებს ჩეხეთის მიერ გადაცემული შეიარაღება ეხმარება",- თქვა ფიალამ.
ჩეხეთის პრემიერის თქმით, მისმა ქვეყანამ უკრაინას უკვე გადასცა 700 სხვადასხვა ტიპის მძიმე შეიარაღება და 4 მილიონამდე სხვადასხვა საბრძოლო მასალა.