ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ჯოზეფ ბორელი მიიჩნევს, რომ რუსეთი უკრაინის წინააღმდეგ ომში წარმატებას ვერ მიაღწევს და მსოფლიოში ისეთი წონა არ აქვს, როგორიც ჩინეთს. ამის შესახებ ბორელმა ესპანურ გაზეთ El Pais-თან ინტერვიუში განაცხადა.
ევროკავშირის უმაღლესმა დიპლომატმა აღნიშნა, რომ რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი, რომელმაც უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრა გადაწყვიტა, "თითქმის ყველაფერში არასწორი იყო" - კერძოდ, ენერგოდამოკიდებულების გამო ევროკავშირის ქვეყნების კონტროლის უნარში.
"პუტინი აპირებს მსხვერპლად შეწიროს თავისი ხალხი და არმია თავისი პირადი და პოლიტიკური გადარჩენისთვის, რის გამოც ასე რთულია მშვიდობაზე მოლაპარაკება," - თქვა მან.
ამასთან, ბორელმა დადებითად შეაფასა საუდის არაბეთში უკრაინული "მშვიდობის ფორმულის" შესახებ ბოლო მოლაპარაკებები და აღნიშნა მათში ჩინეთის მონაწილეობა.
"მიუხედავად იმისა, რომ ჩინეთი პირდაპირ არასოდეს იტყვის, რომ შეამცირებს რუსეთისადმი მხარდაჭერას ან ხელს შეუწყობს მის აშკარა დამარცხებას. პეკინი სულაც არ არის კმაყოფილი არსებული სიტუაციით. ყოველ შემთხვევაში, ბირთვული მუქარით," - განმარტა ევროპელმა ოფიციალურმა პირმა.
ჩინეთის მიმართ ევროკავშირის პოლიტიკასა და მის გამოწვევებზე საუბრისას ბორელმა განაცხადა, რომ პეკინისა და მოსკოვის შედარება შეუძლებელია.
"უპირველეს ყოვლისა, ჩინეთი არ არის რუსეთი. ჩინეთი არის ნამდვილი გეოპოლიტიკური აქტორი, ხოლო რუსეთი არის ეკონომიკური ჯუჯა, როგორც ბენზინგასამართი სადგური, რომლის მფლობელსაც ატომური ბომბი აქვს." - თქვა ბორელმა, რომელიც გარდაცვლილი ამერიკელი სენატორის, ჯონ მაკკეინის ცნობილ გამონათქვამს პერიფრაზირებს.