ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების საკითხებში, ჯოზეფ ბორელმა განაცხადა, რომ დეკემბერში ევროკავშირი კიევში მისიას გაგზავნის, რომელიც უკრაინის უსაფრთხოების ვალდებულებების შესახებ ევროკავშირის წინადადებებს წარადგენს.
"თქვენ იცით, რომ ევროპელმა ლიდერებმა ბოლო ევროპულ საბჭოზე დავალებად მომცეს, რომ შემექმნა ევროკავშირის უსაფრთხოების ვალდებულებები უკრაინის მიმართ. ამაზე წევრ ქვეყნებთან ერთად ვმუშაობთ. მომდევნო თვის დასაწყისში, უკრაინაში, ჩვენი წინადადებების განსახილველად, მისიას გავგზავნი", - განაცხადა ბორელმა.
მანამდე ბორელმა განაცხადა, რომ მუშაობს უსაფრთხოების სფეროში ევროკავშირის მომავალი ვალდებულებების მომზადებაზე უკრაინის კონტექსტში. ამის შესახებ მან X–ზე დაწერა ორშაბათს ბრიუსელში საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრის ფონზე.
ბორელმა აღნიშნა, რომ შეხვედრაზე ევროკავშირის წევრი ქვეყნების 27–მა საგარეო საქმეთა მინისტრმა „მიიღეო ერთობლივი გზავნილი უკრაინის მხარდასაჭერად“. შეხვედრაზე მინისტრებმა ასევე მოუსმინეს უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრს დიმიტრო კულებას:
"უკრაინა არის ევროკავშირის მთავარი პრიორიტეტი - არ იქნება არანაირი დაღლა ჩვენი ვალდებულებებით. მე ვმუშაობ ჩვენს მომავალ უსაფრთხოების ვალდებულებებზე, ვასრულებ ევროპის საბჭოს დავალებას".
27 ოქტომბრის სამიტზე, ევროკავშირის წევრი ქვეყნების ლიდერებმა ბორელს დაავალეს, „საბჭოს მიერ დამტკიცებული ჩარჩოს საფუძველზე“, გამართულიყო კონსულტაციები უკრაინასთან ევროკავშირის უსაფრთხოების სამომავლო ვალდებულებების შესახებ და შედეგების თაობაზე ანგარიშიუნდა წარდგეს ევროსაბჭოს სხდომაზე, დეკემბერში.