ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ჯოჟეფ ბორელი აცხადებს, რომ "ახლო აღმოსავლეთში არსებული ვითარება კოლექტიური პოლიტიკური და მორალური მარცხის შედეგია ისრაელ-პალესტინის პრობლემის გადასაჭრელად არასაკმარისი ნების გამო". ამის შესახებ მან ევროკავშირის ელჩებისადმი მიმართვისას განაცხადა.
როგორც მან დღეს სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა, "ევროპელებს აქვთ მორალური და პოლიტიკური ვალდებულება, რომ ჩაერთონ არა მხოლოდ დახმარების გაწევის, არამედ პრობლემის გრძელვადიანი მოგვარების კუთხით".
"მიმაჩნია, რომ ჩვენ გვაქვს შემდეგი სამი პასუხისმგებლობა:
პირველ რიგში, ჩვენ უნდა გავაგრძელოთ მტკიცე და დაბალანსებული პოზიციის შენარჩუნება და ნებისმიერ ფასად ავიცილოთ თავიდან ამ კონფლიქტის ევროპაში შემოტანა. ანტისემიტური და ანტიმუსლიმური განწყობები სრულიად მიუღებელია.
მეორე პასუხისმგებლობა ჰუმანიტარული პრობლემის მოგვარება არის. საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართალი უნდა იყოს დაცული. ჰუმანიტარული მიზნით პაუზა, რომელიც დაბალანსებული იქნება მძევლებთან წვდომით, პირველი ნაბიჯი იქნება ჰუმანიტარული პრობლემის მოგვარების გზაზე.
მესამე პასუხისმგებლობაა, რომ საჭიროა ჰუმანიტარული მხარდაჭერის მასიური ზრდა ისევე, როგორც მესამე ქვეყნის მოქალაქეების ევაკუაცია და ისრაელის პროპორციული პასუხი", – განაცხადა მან და დასძინა, რომ "ყველაზე მთავარია, ვიფიქროთ პრობლემის ყოვლისმომცველ და საბოლოო გადაწყვეტაზე, რაც დღეს აშკარად მიუღწეველია".