უნგრეთი, რომელიც გამუდმებით ცდილობს, დაბრკოლებების შექმნას ევროკავშირელი კოლეგებისთვის რუსეთის მიმართ შეზღუდვების დაწესების გზაზე, ამჯერად უკრაინის დახმარების განახევრებას ითხოვდა, - იუწყება Bloomberg.
კერძოდ, გამოცემის ინფორმაციით, გასული კვირის განხილვებისას ევროკავშირში უნგრეთის მუდმივი წარმომადგენელი აცხადებდა, რომ ამ ეტაპზე უკრაინისთვის უახლოეს 4 წელზე გათვლილი ეკონომიკური დახმარების სახით 25 მილიარდი ევროს გამოყოფა იქნებოდა საკმარისი, ხსენებული 4 წლიანი პერიოდის შუაში კი საჭირო იქნებოდა ვითარების შეფასების ჩატარება და შემდგომ უკრაინის საჭიროებების მიხედვით მოქმედება.
ზაფხულში ევროკომისია უკრაინის გრძელვადიანი (2024-2027) საბიუჯეტო სტაბილურობის უზრუნველყოფის მიზნით 40 მილიარდი ევროს გამოყოფის ინიციატივით გამოვიდა. ხსენებული სახსრები ევროკავშირის ბიუჯეტიდან უნდა გამოიყოს, რომლის ფორმირებაზეც ბლოკის წევრი ქვეყნები ამჟამად მსჯელობენ. უნგრეთი ამ პროცესში საკუთარი ინტერესების დაკმაყოფილებასა და რუსეთისთვის მორიგი პრობლემების არიდებას კვლავინდებურად ცდილობს. კიევმა ბუდაპეშტის მოთხოვნით უკვე ამოიღო "ომის სპონსორების" სიიდან OTP Bank, რომელიც რუსეთში აგრძელებს მუშაობას.
აღსანიშნავია, რომ ევროკავშირმა საერთო ბიუჯეტიდან უნგრეთისთვის 22 მილიარდი ევროს გამოყოფა დაბლოკა იმ მიზეზით, რომ ქვეყანაში არ არის დაცული კანონის უზენაესობის პრინციპი და არასათანადოდ არის უზრუნველყოფილი ადამიანის უფლებების დაცვა. ბრიუსელმა ბუდაპეშტისგან ამ კუთხით ვითარების შეცვლა და რეფორმების გატარება მოითხოვა. უნგრეთის პრემიერ-მინისტრ ვიქტორ ორბანს ნათქვამი აქვს, რომ მხარს არ დაუჭერს უკრაინის დახმარების მიზნით ევროკავშირის ბიუჯეტის გაზრდას, სანამ მისი ქვეყნისთვის გათვალისწინებული დახმარება გაყინულია. ამის გამო ევროკავშირმა შესაძლოა, უახლოეს მომავალში უნგრეთისთვის განკუთვნილი თანხიდან 13 მილიარდი ევრო განბლოკოს, - იუწყება Bloomberg.