აშშ-ის პრეზიდენტ ჯო ბაიდენის ადმინისტრაციამ მხარი დაუჭირა კანონმდებლობას, რომელიც დაახლოებით 300 მილიარდი დოლარის გაყინული რუსული აქტივების უკრაინის სასარგებლოდ კონფისკაციას ითვალისწინებს, - იუწყება Bloomberg აშშ-ის ეროვნული უშიშროების საბჭოს დოკუმენტებზე დაყრდნობით.

„კანონპროექტი აღმასრულებელ ხელისუფლებას მიანიჭებს უფლებამოსილებას, რომელიც აუცილებელია რუსეთის სუვერენული აქტივების უკრაინის სასარგებლოდ ჩამორთმევისთვის”, - ნათქვამია, გამოცემის ცნობით, დოკუმენტში.

Bloomberg წერს, რომ მსგავსი ნაბიჯი ამერიკელ პოლიტიკოსებში შეშფოთებას იწვევს. რადგან, გაყინული აქტივების კონფისკაციამ, შეიძლება, აშშ-ის ფინანსური სისტემის რეპუტაცია შელახოს. ამის თავიდან ასაცილებლად, თეთრ სახლს სურს, ეს საკითხი „დიდ შვიდეულის“ წევრ ევროპელ მოკავშირეებთან შეათანხმოს.

გამოცემის ცნობით, გაყინული რუსული აქტივების თანხები შეიძლება გამოყენებულ იქნეს უკრაინის რეკონსტრუქციისთვის.

მსოფლიო ბანკის შეფასებით, ომის შემდეგ უკრაინის აღდგენას შეიძლება, მინიმუმ, 411 მილიარდი დოლარი დასჭირდეს.