რუსეთის ეკონომიკამ შეძლო სანქციებით გამოწვეული თავდაპირველი სირთულეების გადალახვა, ნავთობის ექსპორტის ზრდა, თუმცა გადაუჭრელ პრობლემად დასავლეთის მიერ დაწესებული საფასო ჭერი რჩება. Bloomberg-ის ცნობით, გასულ კვირებში რუსული ნავთობის ექსპორტის მოცულობა 30%-ით გაიზარდა და დღე-ღამეში 3.8 მილიონი ბარელი შეადგინა.
გაყიდული მოცულობის ზრდის მიუხედავად შემოსავალი მხოლოდ 4%-ით გაიზარდა, რაც 3 მილიონი დოლარის ეკვივალენტია. ამის მიზეზად დასავლეთის მიერ დაწესებული საფასო ჭერი სახელდება, რის გამოც რუსული ნავთობი მთელი მსოფლიოს მასშტაბით რეკორდული ფასდაკლებებით იყიდება.
მისაღები შემოსავლის დონის შესანარჩუნებლად რუსეთი იძულებულია ექსპორტის მოცულობა მკვეთრად გაზარდოს. ევროკავშირის მიერ დაწესებულმა ემბარგომ რუსული ნავთობის სატანკერო გადაზიდვებზე რუსეთს უმსხვილესი ბაზარი დააკარგვინა - თუ კი ევროპელ მყიდველამდე რუსული ნავთობით დატვირთული ტანკერი 7 დღის ფარგლებში მიდიოდა, ინდოელ მყიდველამდე რუსული ნავთობის ჩასვლას საშუალოდ 31 დღე სჭირდება, რაც მკვეთრად აძვირებს გადაზიდვის ფასს.
გარდა ამისა პრობლემას წარმოადგენს გადამზიდი ტანკერების უკმარისობაც. გამოცემის მიერ მომზადებულ მასალაში ნათქვამია, რომ მომდევნო თვეებში სანავთობო შემოსავლების კლება გაგრძელდება.
რაც შეეხება რუსული ნავთობის მთავარ მყიდველებს, ეს უკვე ტრადიციულად ინდოეთი და ჩინეთია, რომელთაც ბულგარეთი და თურქეთი მოჰყვება.
ეკონომისტების შეფასებით 70 დოლარზე დაბალი ფასი რუსეთის ბიუჯეტის დეფიციტის ზრდისთვის რეალურ საფრთხეს ქმნის.