ისრაელის პრემიერმინისტრს, ბენიამინ ნეთანიაჰუს წარმოუდგენია, რომ ომის დასრულების მომდევნო დღეს ღაზის სექტორში უსაფრთხოება ისრაელის თავდაცვის ძალების კონტროლქვეშ იქნება.
"მე ვთქვი, რომ იქნება დემილიტარიზაცია. ვთქვი, რომ ისრაელის თავდაცვის ძალები ღაზის სექტორში უსაფრთხოებაზე პასუხისმგებელი იქნება, რადგან არ არსებობს სხვა ფაქტორი, რომელიც ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლაში საიმედო იქნება. შემიძლია გითხრათ, რომ იქნება სამოქალაქო მმართველობა, რომელიც ბავშვებს არ ასწავლის ისრაელის განადგურებას... ეს ჩემთვის ძალიან ცხადია". – თქვა ისრაელის პრემიერმა.
ამას გარდა პრესკონფერენციაზე ნეთანიაჰუმ ისრაელის ჩრდილოეთ საზღვრებზეც ისაუბრა. მისი თქმით, პირველ რიგში საჭიროა ჰამასზე "დამანგრეველი გამარჯვება", რათა შემდეგ ჩრდილოეთით ირანის მიერ მხარდაჭერილი ჰეზბოლას შეკავებაზე იზრუნონ. მისი თქმით, ჰამასის განადგურების შემდეგ ისრაელი ფოკუსირებული იქნება ქვეყნის ჩრდილოეთით, სადაც 100 000-მდე ადამიანს სახლის დატოვება მოუწია.
ნეთანიაჰუმ ხაზი გაუსვა, რომ ისრაელი ჩრდილოეთ საზღვარზე სიტუაციას ან დიპლომატიურად მოაგვარებს, ან ამ პრობლემის მოსაგვარებლად "იქნება განსხვავებული გზაც".