ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ ომის შემდეგ ღაზის სექტორი ისრაელის არმიის კონტროლის ქვეშ უნდა დარჩეს.
ნეთანიაჰუმ პრესკონფერენციაზე თქვა, რომ უნდა მოხდეს ღაზის სექტორის დემილიტარიზება. მისივე თქმით, ერთადერთი ძალა, რომელსაც შეუძლია ამის უზრუნველყოფა, არის ისრაელის თავდაცვის ძალები. „ამაზე პასუხისმგებლობას ვერც ერთი უცხო ძალა ვერ აიღებს. მე არ ვარ მზად, დავხუჭო თვალები და მივიღო სხვა შეთავაზება", - თქვა ნეთანიაჰუმ.
ამასთან, ნეთანიაჰუმ მიმართა ისრაელის უცხოელ მეგობრებს, რომლებიც ცდილობენ ისრაელი აიძულონ ომი დროულად დაასრულოს.
”ერთადერთი გზა ამ ომის სწრაფად დასასრულებლად არის გამანადგურებელი ძალის გამოყენება „ჰამასის“ წინააღმდეგ“, - თქვა ნეთანიაჰუმ.
პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ ისრაელის თავდაცვის ძალები წარმატებით მიიწევს ამ მიზნისკენ. მისივე თქმით, მათ უკვე გაანადგურეს ჰამასის ბატალიონების მეთაურების უმეტესობა.
ისრაელის მედიის ინფორმაციით, ღაზის სექტორში „ჰამასის“ 24 ბატალიონი მოქმედებს.