ისრაელის თავდაცვის ძალებმა (IDF) ტერორისტული ორგანიზაცია "ჰამასის" 24 ბატალიონიდან 17 გაანადგურეს. განაცხადა ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ თელ-ავივში სამხედრო კაბინეტის სხდომაზე.
"დღეისათვის ჩვენ გავანადგურეთ 24 ბატალიონიდან 17. დარჩენილი ბატალიონების უმეტესობა მდებარეობს ღაზას სექტორის სამხრეთით და ქალაქ რაფაში. ჩვენ მათზეც ვიზრუნებთ", - თქვა ნეთანიაჰუმ.
მანამდე, ისრაელის თავდაცვის ძალები აცხადებდა, რომ "ჰამასის" რიგებში 30 000 მებრძოლი ირიცხებოდა, რომლებიც დაყოფილი იყო 5 ბრიგადად. ბრიგადები შედგებოდა 24 ბატალიონისგან, თითოეულ მათგანში 1000-ზე მეტი ადამიანი ირიცხებოდა.
ნეთანიაჰუს თქმით, "ჰამასის" ბატალიონების განადგურების შემდეგ, ისრაელის სამხედროებს მოუწევთ განახორციელონ "გაწმენდითი ოპერაციები", როგორსაც ამჟამად ახორციელებენ "ძალიან აგრესიული რეიდების" სახით ღაზას სექტორის ჩრდილოეთსა და ცენტრალურ ნაწილში.
"აუცილებელია ასევე, მიწისქვეშა გვირაბების განეიტრალება, რასაც ჩვენი ძალები სისტემატურად აკეთებენ ხან იუნისში და ღაზას სექტორის ყველა ნაწილში და ამას მეტი დრო სჭირდება", - განაცხადა ნეთანიაჰუმ.