"მზარდად ავტორიტარულმა მმართველმა პარტიამ "ქართულმა ოცნებამ" გამარჯვება მოიპოვა მას შემდეგ, რაც ოფიციალური წინასწარი შედეგებით, მას აშკარა უპირატესობა აქვს გადამწყვეტ არჩევნებში", – ასე ეხმიანება BBC საქართველოში 26 ოქტომბერს გამართულ საპარლამენტო არჩევნებს.
როგორც გამოცემა წერს, "ცენტრალური საარჩევნო კომისიის წინასწარი მონაცემებით, უბნების 99%-ის დათვლის საფუძველზე მილიარდერი ბიზნესმენის ბიძინა ივანიშვილის პარტიას "ქართული ოცნება" 54% აქვს".
"წინასწარი შედეგები მკვეთრად განსხვავდება დასავლელი კომპანიების მიერ ჩატარებული ეგზიტპოლებისგან.
ბიძინა ივანიშვილმა, რომელმაც თავისი ქონება რუსეთში 1990-იან წლებში დააგროვა, მხარდამჭერებს განუცხადა, რომ "იშვიათი შემთხვევაა მსოფლიოში ერთი და იგივე პარტიისთვის ასეთ რთულ ვითარებაში ასეთი წარმატების მიღწევა". თუმცა ოპოზიციის ლიდერებსა და მხარდამჭერებს სრულიად განსხვავებული აზრი აქვთ. ევროკავშირის მხარდამჭერი ოპოზიცია აცხადებს, რომ არჩევნები "მოპარულია", – იუწყება BBC.
გამოცემა წერს, რომ არჩევნების პროცესში არაერთი დარღვევის შესახებ გავრცელდა ინფორმაცია:
"დამკვირვებლებმა განაცხადეს მთელი რიგი დარღვევების შესახებ მთელი ქვეყნის მასშტაბით, დაწყებული საარჩევნო უბნების შიგნით ბიულეტენების ჩაყრით, დამთავრებული ამომრჩევლების დაშინებით.
კენჭისყრის წინა დღეს, ქართულმა სადამკვირვებლო ჯგუფმა ყურადღება გაამახვილა არჩევნებისკენ მიმართულ რუსულ დეზინფორმაციულ კამპანიაზე.
კრემლი უარყოფს საქართველოს საშინაო საქმეებში ჩარევას და ამის ნაცვლად ამტკიცებს, რომ დასავლეთს ჰქონდა შიდა საქმეებში ჩარევის "უპრეცედენტო მცდელობა".
"30 წელიწადზე მეტია, საბჭოთა კავშირმა არსებობა შეწყვიტა, მაგრამ მოსკოვი ჯერ კიდევ თვლის ძველი საბჭოთა იმპერიის დიდ ნაწილს თავის ეზოდ და რუსეთის გავლენის სფეროდ.
მოსკოვი დააფასებს "ქართული ოცნების" წინასაარჩევნო დაპირებას რუსეთთან "პრაგმატული" პოლიტიკის შესახებ, რომ აღარაფერი ვთქვათ ამ წლის დასაწყისში ბრიუსელის გადაწყვეტილებაზე საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესის შეჩერების თაობაზე.
რუსეთი საქართველოს ტერიტორიის 20%–ის ოკუპაციას კვლავ განაგრძობს.
ბიძინა ივანიშვილის რიტორიკა სულ უფრო ანტიდასავლური ხდება, რაც იმაზე მიუთითებს, რომ "ქართული ოცნების" მეოთხე ვადით ხელისუფლებაში ყოფნამ შესაძლოა, ქვეყანა კვლავ რუსეთის ორბიტაში დააბრუნოს".