ჩინეთის ელჩები რიგაში, ვილნიუსსა და ტალინში ორშაბათს, 24 აპრილს, ლატვიის, ლიეტუვის და ესტონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროებში უნდა გამოცხადდნენ. ჩინეთის დიპლომატიური წარმომადგენლების გამოძახების მიზეზი საფრანგეთში ჩინეთის ელჩის ლუ შაეს სკანდალური განცხადებები იყო პოსტსაბჭოთა სივრცეში სახელმწიფოების სუვერენიტეტის შესახებ.
ტელეჟურნალისტმა დარიუს როშბენმა საინფორმაციო არხის La Chaîne Info-ს ეთერში ჩინეთის ელჩს სთხოვა, განემარტა თავისი პოზიცია ყირიმთან დაკავშირებით და პირდაპირ ჰკითხა: ეკუთვნის თუ არა ნახევარკუნძულის ტერიტორია უკრაინას? "ეს დამოკიდებულია იმაზე, თუ როგორ აღიქვამთ პრობლემას", - უპასუხა დიპლომატმა და დასძინა, რომ ყირიმი "თავიდანვე რუსული იყო", რის შემდეგაც ხრუშჩოვმა ის უკრაინას გადასცა.
ჟურნალისტის კომენტარზე, რომ საერთაშორისო სამართალი ყირიმს უკრაინის ტერიტორიად აღიარებს, ლუ შაემ თქვა, რომ პოსტსაბჭოთა სივრცის სახელმწიფოებს არ აქვთ სტატუსი მოქმედ საერთაშორისო სამართალში, რადგან "არ არსებობს საერთაშორისო შეთანხმება, რომელიც განსაზღვრავს მათ სუვერენულ სტატუსს".
ჩინელი დიპლომატის განცხადებებს მაშინვე გამოეხმაურა საფრანგეთში უკრაინის ელჩი ვადიმ ომელჩენკო. "ან აშკარაა გეოგრაფიასთან დაკავშირებული პრობლემები, ან მსგავსი განცხადებები ეწინააღმდეგება ჩინეთის დედაქალაქის პოზიციას უკრაინაში მშვიდობის აღდგენის მცდელობებთან დაკავშირებით საერთაშორისო სამართლისა და გაეროს წესდების მიზნებსა და პრინციპებზე დაყრდნობით", - წერს უკრაინის წარმომადგენელი Twitter-ზე.
თავის მხრივ, ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრმა გაბრიელიუს ლანდსბერგისმა განაცხადა, რომ ინტერვიუ ჩინელ დიპლომატთან შესანიშნავად ხსნის, თუ რატომ არ შეიძლება პეკინი იყოს შუამავალი უკრაინაში მშვიდობის დამყარების მოლაპარაკებებში. "თუ ვინმეს ჯერ კიდევ აინტერესებს, რატომ არ ენდობიან ბალტიისპირეთის ქვეყნები ჩინეთს, როგორც "შუამავალს უკრაინაში მშვიდობის მიღწევაში", მაშინ აი, ჩინეთის ელჩი, რომელიც ამტკიცებს, რომ ყირიმი რუსულია და ჩვენს ქვეყნებს შორის საზღვრებს არ აქვს სამართლებრივი საფუძველი", - წერს დიპლომატიური დეპარტამენტის უფროსი თავის Twitter-ზე.