აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი აცხადებს, რომ, როგორც ჩანს, ღაზის საავადმყოფოზე დარტყმა არა ისრაელმა, არამედ სხვა მხარემ განახორციელა. ეს განცხადება ჯო ბაიდენმა ისრაელის პრემიერ-მინისტრთან, ბენიამინ ნეთანიაჰუსთან შეხვედრის დაწყებისას გააკეთა.
"ძალიან დამამწუხრა და გამაბრაზა ღაზაში საავადმყოფოს გუშინდელმა აფეთქებამ. იმაზე დაყრდნობით, რაც ვიხილე, როგორც ჩანს, ეს სხვა მხარემ გააკეთა, თქვენ არა" - თქვა ბაიდენმა ისრაელის პრეზიდენტ ბენიამინ ნეთანიაჰუსთან შეხვედრისას.
ჯო ბაიდენის განცხადებით, მისი ვიზიტი ისრაელისადმი აშშ-ის მხარდაჭერის ნიშანია.
„მსურდა, დღეს აქ ვყოფილიყავი მარტივი მიზეზით – მსურს, რომ ისრაელის მოსახლეობამ, მსოფლიოს მოსახლეობამ იცოდეს აშშ-ის პოზიცია. მსურდა, პერსონალურად ჩამოვსულიყავი, რათა ეს მკაფიო გამხდარიყო“, – განაცხადა ჯო ბაიდენმა.
ისრაელის თავდაცვის ძალები საავადმყოფოში აფეთქებაზე პასუხისმგებლობას „ისლამურ ჯიჰადს“ აკისრებს.
ისრაელის თავდაცვის ძალებში ამბობენ, რომ ღაზის საავადმყოფოში აფეთქება, რომელსაც “ჰამასის” ცნობით, 500-მდე ადამიანი ემსხვერპლა, ტერორისტული ორგანიზაცია “ისლამური ჯიჰადის” მიერ გაშვებულმა გაუმართავმა რაკეტამ გამოიწვია.
„ჰამასის“ ტერორისტული დაჯგუფება მომხდარში ისრაელს ადანაშაულებს.