ბრიტანეთის ოფიციალური პირების თქმით, ხომალდზე ჟანგბადის მარაგი, დაახლოებით, 2 საათში ამოიწურება.

წყალქვეშ გამოვლენილმა დარტყმის ხმებმა მაშველებს იმედი გაუჩინა, თუმცა ექსპერტები ამბობენ, რომ ეს ჰგავს ნემსის პოვნას თივის გროვაში.

"ეს თითქმის შეუძლებელი იქნება. ჩვენ გვჭირდება სასწაული, მაგრამ სასწაულები ხდება", — ამბობს ოკეანოგრაფი და სამძებრო სამუშაოებში ჩართული ექსპერტი, დევიდ გალო.

ინჟინრები გამორიცხავენ წყალქვეშა ნავის აფეთქებას, მათთვის მეტად სავარაუდოა, ხომალდის შიდა სივრცეში წყალს შეეღწია.

წყალქვეშა ნავი, რომელსაც ტურისტები ჩაძირული ტიტანიკის ნარჩენებთან მიჰყავდა, ატლანტის ოკეანეში 18 ივნისს გაუჩინარდა.

ხომალდთან კავშირი წყალში ჩაშვებიდან საათისა და 45 წუთის შემდეგ გაწყდა — ამ დროიდან ფართომასშტაბიანი სამძებრო სამუშაოები მიმდინარეობს.

ბორტზე იმყოფებიან 48 წლის პაკისტანელი მილიარდერი, შაჰზადა დავუდი, მისი 19 წლის შვილი, სულემან დავუდი, 58 წლის ბრიტანელი ბიზნესმენი და მკვლევარი, ჰამიშ ჰარდინგი და 77 წლის ფრანგი მკვლევარი, პოლ-ჰენრი ნარგეოლე.

აშშ-ის მთავრობის ინფორმაციით, 21-22 ივნისს ოკეანეში გაუჩინარებული წყალქვეშა ნავის ძებნისას ძლიერი ხმაური დააფიქსირეს.

სამძებრო სამუშაოებში ჩართული მაშველების თქმით, ხმები 30 წუთის ინტერვალებით ისმოდა, თუმცა ვერ შეძლეს დადგენა, რა იწვევდა მათ.

გაუჩინარებული წყალქვეშა ხომალდი, რომელიც ტურისტულ კომპანია OceanGate-ს ეკუთვნის, დაახლოებით, სატვირთო მანქანის ზომისაა, ბორტზე კი 5 ადამიანსა და ოთხი დღის სამყოფ ჟანგბადს იტევს.