ეგვიპტეში, შარმ-ელ-შეიხში აშშ-მ, კატარმა, ეგვიპტემ და თურქეთმა ღაზის სექტორში ომის შეწყვეტის შეთანხმებას ხელი მოაწერეს.
"ჩვენ ხელს ვაწერთ საბუთს, რომელიც მრავალ წესს, მდგომარეობას და სხვა რაღაცებს შემოიღებს, ის (საბუთი) ძალიან ყოვლისმომცველია". – განაცხადა შეხვედრაზე ტრამპმა.
ხელმომწერი მხარეების გარდა სამიტს მსოფლიოს სხვა ლიდერებიც, მათ შორის საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი, იტალიის პრემიერმინისტრი ჯორჯია მელონი, გაერთიანებული სამეფოს პრემიერმინისტრი კირ სტარმერი, გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი, პაკისტანის პრემიერმინისტრი შაჰბაზ შარიფი დაესწრნენ.
"ყოველთვის იძახდნენ, რომ ახლო აღმოსავლეთში დაიწყება მესამე მსოფლიო ომი, მაგრამ ეს არ მოხდება". – თქვა ტრამპმა ხელის მოწერის დროს.
სამშვიდობო შეთანხმება ძალაში ჯერ კიდევ 10 ოქტომბერს შევიდა. 13 ოქტომბერს ჰამასმა წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტს 20 ისრაელელი მძევლისა და 28 დაღუპულის სხეული გადასცა. საპასუხოდ ისრაელმა 1900-მდე პალესტინელი პატიმარი გაათავისუფლა.
სამშვიდობო ხელშეკრულების დადებას არ დაესწრო ისრაელის პრემიერმინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუ, რომელიც სამშობლოში ეროვნული დღესასწაულის, სიმჰათ-თორას აღსანიშნავად დარჩა.
3 ოქტომბერს დონალდ ტრამპმა ჰამას-ისრაელის კონფლიქტის დასასრულებლად 20-პუნქტიანი სამშვიდობო გეგმა წარადგინა, რომლის პირველი და მთავარი პუნქტი მძევლების დაბრუნება იყო.