"ექსტრემისტების" საქმის პირველი სასამართლო სხდომის დღეს, რუსმა ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმა ალექსეი ნავალნიმ "ომის და პუტინის წინააღმდეგ" კამპანიის დაწყების შესახებ განაცხადა. ამის შესახებ ოპოზიციონერმა სოციალურ ქსელში დაწერა.
პოლიტიკოსის თქმით, მისი მხარდამჭერები "გრძელი, ჯიუტი, დამქანცველი, მაგრამ ფუნდამენტურად მნიშვნელოვანი კამპანიის" გატარებას აპირებენ, რათა ხალხი ომისა და მასთან დაკავშირებული ყველაფრის წინააღმდეგ გამოიყვანონ. იმ ჩიხის წინააღმდეგ, რომელშიც პუტინი, 2022 წლის 24 თებერვალს ასე გიჟურად და სულელურად აღმოჩნდა: სიკვდილი, დანაკარგები, მობილიზაცია, ომის დანაშაულები, იზოლაცია, სანქციები, ათიათასობით დაღუპული და მილიონობით წასული, ეკონომიკის დეგრადაცია და ცხოვრების დონის დაცემა, მეომარი დამნაშავეები და მობილიზებული მათხოვრები", - აღნიშნა ნავალნიმ.
ოპოზიციონერს პოტენციურად დიდი აუდიტორიის იმედი აქვს. "ყოველი ხუთი ადამიანიდან ერთს, ამ ომში დაღუპული ნათესავები ან მეგობრები ჰყავს. სამწუხაროდ, ეს რიცხვები კიდევ უფრო გაიზრდება, რაც საზოგადოების ცნობიერებას შეცვლის", - აღნიშნავს ის. ნავალნის თქმით, ამას ემატება სახლში დაბრუნებული ათიათასობით დაჭრილი და ინვალიდი და ასიათასობით მობილიზებული, რომლებმაც ყველაფერი საკუთარი თვალით ნახეს. პოლიტიკოსი ომის წინააღმდეგ კამპანიის გამართვას აპირებს.
ნავალნის თქმით, ასეთი სამუშაოს აქტივი უკვე არსებობს. "თუ წარმოვიდგენთ, სიტყვაზე, მილიონ-ნახევარი, ვინც ომისა და მობილიზაციის დაწყების შემდეგ წავიდა, მილიონ-ნახევარი, ვინც 2014 წლის შემდეგ წავიდა და მილიონი, რომელიც რუსეთში დარჩა, მაგრამ არ ეშინია. ომის საწინააღმდეგო აგიტაციას ყოველი მეათე შეუერთდება, შემდეგ კი, ეს ოთხას ათასი აგიტატორიანი არმია 12 მილიონ მოქალაქეს დაფარავს", - აღნიშნავს ოპოზიციონერი და დასძენს, რომ "ასეთი სიძლიერის სააგიტაციო მანქანა, 3-4 თვეში, ქვეყანაში საზოგადოებრივ განწყობას რადიკალურად შეცვლის".
"წინ ბევრი ტექნიკური სამუშაოა. მსგავსი ჯერ არაფერი არსებობს", - აღიარებს ნავალნი და 100 პიონერის - მოხალისე აგიტატორის დაქირავების შესახებ აცხადებს, რომლებიც მზად არიან, ეს საოცარი, მაგრამ არც თუ ისე ადვილი საქმე გააკეთოს.
ახალი პროცესის შედეგად, ალექსეი ნავალნის 30 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება. მაისის ბოლოს ოპოზიციონერმა Twitter-ზე განაცხადა, რომ გენერალურმა პროკურატურამ მას საბრალდებო დასკვნის 3828 გვერდი მიაწოდა. ამასთან, ბრალდებების არსის გარკვევა შეუძლებელია, რადგან საქმე კოლონიის ადმინისტრაციამ აიღო, წერს პოლიტიკოსი. "ШИЗО-ში ეს აკრძალული ნივთია", - განმარტა მან. ნავალნიმ 2022 წლის ოქტომბერში "ტერორიზმის პროპაგანდის", "ექსტრემისტული საქმიანობის დაფინანსებისა" და "ნაციზმის რეაბილიტაციის" ბრალდებით, მის წინააღმდეგ ახალი საქმის დაწყების შესახებ განაცხადა.
2023 წლის აპრილში ცნობილი გახდა, რომ საქმე "ტერორიზმის" მუხლით გამოეყო არსებულს, რომელიც "ექსტრემიზმის" მუხლით იყო აღძრული. 25 მაისს მასალები მოსკოვის საქალაქო სასამართლომ მიიღო. მთლიანობაში, მაშინ საუბარი იყო რუსეთის ფედერაციის სისხლის სამართლის კოდექსის ექვსი მუხლით გათვალისწინებულ სხვადასხვა ეპიზოდებზე, ახლა მათ კიდევ ერთი მუხლი დაემატა.